Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა სააკაშვილზე: ჩემი შერყეული რწმენა გამიმთელდა, ადამიანის და მეგობრის მიმართ


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

ფოთის მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობის" სახელით, გიგი უგულავა ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ მას მისდამი შერყეული რწმენა გაუმთელა. უგულავამ ამ სიტყვებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და უთხრა, რომ საჭიროა რწმენა.

"მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ დავიჯერებთ გამარჯვებას, მანამდე გამარჯვება ყოველთვის გვერდით ჩაივლის. სანამ ჩვენ თვითონ არ დავინახეთ, მანამდე არ გვწამდა; მეგობრებო, სანამ ჩვენ არ ვნახეთ, რომ მიშამ ყველა ბარიერი გადალახა და მოვიდა აქ, ბევრს არ გვეგონა, ბევრი ვფიქრობდით, რომ ეს არ შედგებოდა, ბევრი ვფიქრობდით, რომ ეს ტყუილია, ბევრი ვამბობდით, რომ ეს ბლეფია, ზოგი ბუენოს-აირესიდან, ზოგი ტუსკავეციდან გვესალმებოდა, მაგრამ, მეგობრებო, დადგა მომენტი და დრო და მან თავისი საქმე გააკეთა.

მე ვარ ამაყი, როგორც არასდროს, იმიტომ, რომ მე ჩემი შერყეული რწმენა გამიმთელდა, ადამიანის და მეგობრის მიმართ. დღეს ის არის აქ, ის არის ყველაზე თავისუფალი, ყველაზე თამამი, მან მოგვცა მაგალითი ბრძოლის და ჩვენ აღარ გვაქვს უკან დახევის უფლება", - თქვა უგულავამ.

ამ დრომდე დაუდგენელი გზებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს.

​სააკაშვილი და უგულავა წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ. მან სხვა თანამოაზრეებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის პარტია 2017 წლის იანვარში დატოვა და ახალი პარტია - "ევროპული საქართველო" დააფუძნა. მაშინ მან სააკაშვილი მანქანას შეადარა, რომელიც არასასურველია და ჯართში უნდა მოისროლონ.

"ჩვენ პოლიტიკოსები ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ, როცა ის მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო, და მოუარო, როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრები შაბათ-კვირას გაასეირნო, მაგრამ თუ ეს ანტიკვარად არ იქცა და თუ ეს მანქანა ისევ გაწუხებს, მაშინ სხვა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო, მაშინ ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში", - თქვა 2017 წლის იანვარში უგულავამ.

მეტიც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მისი კამპანიის ნაწილი იყო "სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას" და ამბობდა:

"არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის "ოცნებას" და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილს პრემიერობის თანამდებობაზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოებული წრის გარღვევა, რომლის მართალია ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკაშვილიც შემოქმედია. ურჩხულთან ბრძოლაში ის, სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG