Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცე დასტურია - ჯუანშერ ბურჭულაძე


საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოში მისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის ვიზიტი, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის და მისი შემდგომი გაძლიერების ნათელი და მტკიცე დასტურია.

ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოდ ოსტინთან პირისპირ შეხვედრისა და მემორანდუმის ხელმოწერის შემდგომ განაცხადა.

„ჩვენ გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის ფარგლებში მიმოვიხილეთ ქვეყნის შიგნით, რეგიონში და მსოფლიოში არსებული ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები და აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ურთიერთნდობაზე დაფუძნებული სტრატეგიული თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე და მრავალმხრივი, როგორიც არის ახლა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისი სიტყვებით, მყარი პარტნიორობა ხელს უწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო მისიებში საქართველოს ძალების მრავალწლიანი მონაწილეობის გამოცდილება.

ასევე განიხილეს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მიღწეული პროგრესი.

დღეს საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმებას, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის (GDRP) ფარგლებში მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს ეფუძნება.

„რაც არის იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დოკუმენტის საფუძველი, რომელსაც დღეს ერთობლივად ხელი მოვაწერეთ. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების განხორციელებაში ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შეკავების და ნატოსთან თავსებადობის უმაღლეს ხარისხს, ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისი თქმით, განიხილეს შეიარაღების მოდერნიზაციის, თავდაცვის გრძელვადიანი დაგეგმვის საკითხები და 10-წლიანი განვითარების ციკლი.

ასევე შეეხნენ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, საქართველოს მიერ ნაჩვენები პროგრესი აახლოებს მას ალიანსში გაწევრიანების მიზანთან.

ხოლო თანამშრომლობის სამომავლო გეგმები სრულად ემსახურება - მეტი ნატო საქართველოში, საქართველო ნატოში პრინციპს“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების პრაქტიკული განხორციელების პერსპექტივებს და რომ ამ მიზანს ემსახურება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და მისი საბრძოლო მომზადების ცენტრი, რომელიც აშშ-ის თანადაფინანსებით ხორციელდება.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი თბილისში დღეს ჩამოფრინდა. მან საქართველოდან დაიწყო ვიზიტი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში. ლოიდ ოსტინი უკრაინასა და რუმინეთსაც ეწვევა და ევროპულ ტურნეს დაასრულებს ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების სხდომაა დაგეგმილი.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ლოიდ ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით. საელჩოს თანახმად, ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში.

ლოიდ ოსტინი ეწვევა საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივ სწავლებას დაესწრება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2020 წლის დეკემბერში წარადგინა. ოსტინი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა 2021 წლის 22 იანვრიდან, სენატის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG