Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი თანახმაა მედიკამენტოზურ ჩარევაზე, თუმცა შიმშილის გაგრძელებას აპირებს


რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის დათანხმდება მედიკამენტოზურ ჩარევას, თუმცა არ შეწყვეტს შიმშილობას. მისი მიმართვა საზოგადოებას მისმა ადვოკატმა მისი მონახულების შემდეგ გააცნო.

"ყველა ჩემი ნაბიჯი იყო ნაკარნახევი მთავარი მიზნით, დავეხმარო ქართველ ხალხს ჭაობიდან დაღწევაში. ჩამოვედი ისე, რომ არ მომხდარიყო შეტაკებები და არავინ არ დაშავებულიყო. ასევე, მოვუწოდე სხვებს შიმშილობის შეწყვეტისკენ და ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლმსაჯულების უსამართლოდ, დევნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ, დემოკრატიულ პროცესს, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს ძალდატანების და გაყალბების გარეშე.

სანამ დაპატიმრებული ვარ, არ მივიღებ საკვებს არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს, მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც შეზღუდულად, მაგრამ მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რათა სადამდეც შემეძლება, გამოვადგე საქართველოს", - წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მასთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოში დაბრუნებული სააკაშვილი პოლიციამ 1 ოქტომბერს დააკავა. როგორც ადვოკატები ამბობენ, ის ამ დროიდან შიმშილობს და მისი მდგომარეობა მძიმდება. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამბობენ, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG