Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ნოემბრიდან საქართველოში AstraZeneca-თი ვაქცინაცია ჩერდება


31 ოქტომბერს საქართველოში AstraZeneca-თი ბოლო მოქალაქეებს აცრიან. ამ ვაქცინით კორონავირუსისგან თავის დასაცავად აუცილებელია ორი აცრა 8-12 კვირის შუალედით.

"ასტრაზენეკა" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა. ამ ვაქცინით აიცრა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.

"მოთხოვნა არ არის, სამწუხაროდ, ასტრაზენეკაზე. ვადა უთავდება რაც გვაქვს. ახალი არ შემოგვაქვს და მოხდება მეორე აცრებზე ჩანაცვლება "ფაიზერით" ან სხვა ვაქცინით, როგორც მიღებულია, ვისაც სურვილი ექნება, ძალიან ცოტაა ასეთი დარჩენილი", - უთხრა რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, პირველი დოზით აცრილია 61 466 ადამიანი, მათგან 59 424-მა მეორე აცრაც გაიკეთა. მეორე დოზით ამ ვაქცინით აცრა კიდევ 2 ათასზე მეტ ადამიანს უნდა გაეკეთებინა. 31 ოქტომბრის ჩათვლით, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის სურვილი 139-მა ადამიანმა გამოთქვა.

21 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში, 11,6 ათასზე მეტი ადგილია ამ ვაქცინით ასაცრელად თავისუფალი.

"ნაწილმა მეორე დოზა ჩაანაცვლა სხვა ვაქცინით, ნაწილი დაინფიცირდა პირველის შემდეგ. ამიტომაც მეორე დოზაზე ჯავშანი ცოტაა", - ამბობს გამყრელიძე.

საქართველოში "ასტრაზენეკას" 134 400 დოზა ვაქცინა შემოვიდა. აქედან აცრებზე გახარჯულია 120 890 ერთეული. ეს ნიშნავს, რომ დარჩენილი იყო 13 510 დოზა, საიდანაც ნაწილი, როგორც ვაქცინაციის დროს ხდება ხოლმე, გამოუსადეგარი გახდა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში დაბალი ტემპით მიმდინარეობს. 20 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 926 893 აცრა; სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 015 699 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35,7 %; სრულად ვაქცინირებულია 910 782 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31,9%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG