Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი ლაბორატორიების სახელით PCR ტესტების ყალბი დოკუმენტები მზადდება - ქართული თაღლითური სქემა


საქართველოში მოქმედი ცნობილი სამედიცინო ლაბორატორიების სახელით, კორონავირუსის PCR კვლევების ყალბი დოკუმენტები მზადდება. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ლაბორატორიების ხელმძღვანელები უდასტურებენ. მხოლოდ ერთი ლაბორატორიის მაგალითზე, მათი სახელით, სავარაუდოდ, დამზადებული უნდა იყოს ასამდე ყალბი პისიარ ტესტის პასუხი. ამ ფაქტის შესახებ, ლაბორატორია „ნეოლაბმა“ ჯერ კიდევ თებერვალში ჩააყენა საქმის კურსში შინაგან საქმეთა სამინისტრო. ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, მოჰყვა თუ არა რაიმე შედეგი გამოძიებას, გამოვლინდნენ თუ არა დამნაშავეები, ამის შესახებ მათ ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვთ.

როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს. უწყების განმარტებით, ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და იმისათვის, რომ პროცესი არ დაზიანდეს, დეტალებზე ვერ ილაპარაკებენ.

ანალოგიური ფაქტის შესახებ შეატყობინა პოლიციას კიდევ ერთი ლაბორატორიის, „ლაბუნოს“ ხელმძღვანელმა მაისში.

თიკო აბზიანიძე, „ნეოლაბის“ მენეჯერი, რადიო თავისუფლებას უყვება იმ სქემის შესახებ, რომელიც მათ რამდენიმე თვის წინ, სრულიად შემთხვევით, სოციალურ ქსელში აღმოაჩინეს. ახალგაზრდა ქალი, მათი ლაბორატორიის სახელით, ფეისბუქ-მომხმარებლებს ყალბი პისიარ ტესტის დამზადებას სთავაზობდა. „ნეოლაბის“ ერთ-ერთი თანამშრომელი, ქალს სოციალური ქსელით დაუკავშირდა და ყალბი პისიარ ტესტის ცნობის დამზადება სთხოვა. ახალგაზრდა ქალმა მომსახურების სანაცვლოდ 100 ლარი მოითხოვა. საბუთის დამზადებას კი ერთი დღის ვადაში დაჰპირდა. დამკვეთი ყალბი პისიარ ტესტის ნეგატიურ პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებდა. მომსახურების ღირებულების ჩასარიცხად, ქალმა „ნეოლაბის“ თანამშრომელს პირადი ნომერიც გაუზიარა:

„ცხადია, მაშინვე მივმართეთ პოლიციას. მივაწოდეთ მიმოწერის „სქრინები“, მისი პირადი ნომერი, სახელი და გვარი. გამოძიება დაიწყო ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველომ. პირადად ვიყავი გამოკითხვაზე. როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება დაიწყო სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბების მუხლით. გამოკითხვაზე მისულს მითხრეს, რომ საქმე, სავარაუდოდ, გადაეცემოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. გარდა ამისა, განმიმარტეს, რომ საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ვერ მივიღებდი. ამ პერიოდში რამდენჯერმე დაგვიკავშირდნენ სამართალდამცავები და გამოგვიგზავნეს 100-მდე ადამიანის მონაცემები. უწყებას აინტერესებდა, ჰქონდათ თუ არა ამ ადამიანებს ჩვენს ლაბორატორიაში ჩატარებული პისიარ ტესტი. გადამოწმების შემდეგ გავარკვიეთ, რომ მათგან მხოლოდ ხუთს ჰქონდა ჩვენი მომსახურება მიღებული. უკანასკნელად, ამ კითხვით სამართალდამცავებმა დაახლოებით ორი თვის წინ მოგვმართეს. სავარაუდოდ, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. თუმცა, ჩვენ დეტალების შესახებ არაფერი ვიცით“.

როგორც თიკო აბზიანიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ახალგაზრდა ქალი მოქალაქეებს ყალბ პისიარ ტესტებს არა მხოლოდ „ნეოლაბის“, არამედ კიდევ ერთი ცნობილი სამედიცინო ლაბორატორიის სახელით სთავაზობდა:

„ჩვენ ამ ლაბორატორიასაც შევატყობინეთ ეს ინფორმაცია. როგორც ვიცი, მათ ცალკე არ მიუმართავთ გამოძიებისთვის. სავარაუდოდ, მათ საქმესაც ჩვენი გამოძიების ფარგლებში უნდა იკვლევდნენ“.

მიმდინარე წლის მაისში მიიღო ელექტრონული წერილი ბერლინის საერთაშორისო აეროპორტის პოლიციისგან სამედიცინო ლაბორატორია „ლაბუნოს“ ხელმძღვანელმა გიორგი კავკასიძემ. პოლიციამ ლაბორატორიის ხელმძღვანელს საქართველოს ორი მოქალაქის პისიარ ტექსტის პასუხები გამოუგზავნა. აეროპორტის პოლიცია გიორგი კავკასიძეს სთხოვდა დაედასტურებინა პისიარ ტესტის ცნობების ნამდვილობა. ბაზაში გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ორი, 40 წლამდე ქალი, თბილისიდან საზღვარგარეთ ყალბი პისიარ ტესტების ცნობებით გაემგზავრნენ. ცნობებზე დატანილი იყო როგორც „ლაბუნოს“ ლოგო, ისე ბეჭედი და ხელმოწერა.

"ლაბუნოს" სახელით გაცემული ყალბი PCR ტესტის პასუხი
"ლაბუნოს" სახელით გაცემული ყალბი PCR ტესტის პასუხი

„მაშინვე მივმართე პოლიციას. მოვიდნენ, გვითხრეს, რომ ეს საქმე კრიმინალურმა პოლიციამ უნდა გამოიძიოსო, მაგრამ მას მერე აღარ გამოჩენილან", - გვეუბნება გიორგი კავკასიძე.

ერთ-ერთი გზა, ყალბი პისიარ ტესტის გამოვლენისა, ეს არის ცნობაზე დატანილი უნიკალური QR კოდი. თუმცა, გიორგი კავკასიძე ამბობს, რომ ხშირად, საქართველოს საზღვარზე, არ ხდება ამ კოდის გადამოწმება. მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოში ბევრი ყალბი პისიარ ტესტი მზადდება:

„ევროკავშირის რეგულაციების თანახმად, ყველა სერტიფიკატს თან უნდა ახლდეს QR კოდი. შესაბამისად, საქართველოში მოქმედი ყველა ლაბორატორია სწორედ ამ ტიპის სერტიფიკატს უნდა გასცემდეს და მეორე, საზღვარზე უნდა არსებობდეს მკაცრი კონტროლი, რათა მესაზღვრემ დახარჯოს 30 წამი, შეამოწმოს კოდი და გამოავლინოს სერტიფიკატი არის თუ არა ყალბი. კაცმა არ იცის, ჩემი ლაბორატორიის სახელით, რამდენი ასეთი ყალბი პისიარ ტესტია დაბეჭდილი. უბრალოდ, ბერლინის აეროპორტში, როგორც ჩანს, შემთხვევითი შერჩევის პრიციპით, ამ მგზავრების ტესტები შეამოწმეს და ისინი ბაზაში ვერ აღმოაჩინეს“.

გაყალბებული ცნობების ბრალდებით დაკავებულები

მიმდინარე წლის მარტში, ერთი პირი დააკავეს საგამოძიებო უწყებებმა კორონავირუსის PCR კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისთვის. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ორ დაინტერესებულ პირს, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, 200 ლარის სანაცვლოდ დაუმზადა და გადასცა ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით, წინასწარ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული შეუვსებელი თაბახის ფურცლები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) პირველი და 221-ე მუხლის (კომერციული მოსყიდვა) მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ოთხ პირს შეეფარდა პატიმრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე პირველ სექტემბერს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი 31 აგვისტოს დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა COVID19-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა COVID19-ის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი.

“მწვანე საშვები” - ყალბი ცნობებისთვის ნოყიერი ნიადაგი?

არსებობს მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში, საქართველოში ე.წ. „მწვანე საშვების“ სისტემა ამოქმედდება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი განცხადება გააკეთა 20 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ: "დარწმუნებული იყავით, მწვანე საშვები ამოქმედდება. ვერ გეტყვით როდიდან, თარიღს მე ვერ ვადგენ".

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უკვე არსებობს ე.წ. „მწვანე საშვების“ პროექტიც, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, საკოორდინაციო საბჭოს განსახილველად წარუდგინა. ამ დროისათვის, პროექტის შინაარსი უცნობია, თუმცა, თუკი საერთაშორისო გამოცდილებას გავითვალისწინებთ, „მწვანე საშვის“ ამოქმედების შემთხვევაში, სხვადასხვა სივრცეში შესასვლელად, მოქალაქეებს სამიდან ერთ-ერთი ცნობის წარდგენა დასჭირდებათ - სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი QR კოდი, PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ცნობა, რომ COVID19 ცოტა ხნის წინ გადაიტანა.

არ არის გამორიცხული, რომ „მწვანე საშვების“ სისტემა ქვეყანაში ნოემბრიდან, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ამოქმედდეს. ეპიდსიტუაციის უკეთ სამართავად, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უკვე იყენებს ე.წ. „მწვანე საშვებს“. მაგალითად, იმისათვის, რომ შეხვიდე სხვადასხვა დაწესებულებაში, რესტორანში, კაფეში, კინოში, თეატრში, სილამაზის სალონში, ფიტნეს-დარბაზში, საცურაო აუზზე, სტადიონზე, რიგ შემთხვევაში, იმგზავრო საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მოქალაქეებს სამიდან ერთ-ერთი ცნობის წარდგენა ევალებათ. ასეთი წესები მოქმედებს მაგალითად, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ჰოლანდიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, თურქეთში და ა.შ.

თუკი აქამდე ყალბი პისიარ ტესტები ძირითადად უცხოეთში სამოგზაუროდ მზადდებოდა, არ არის გამორიცხული, „მწვანე საშვების“ ამოქმედება ყალბი ცნობების დამზადების ნოყიერ ნიადაგად იქცეს. სწორედ ამიტომ, ლაბორატორიების ხელმძღვანელები სამართალდამცავებს სთხოვენ მსგავს ფაქტებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებას არა მხოლოდ თაღლითური სქემების გამოსავლენად, არამედ ქვეყანაში ისედაც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების სამართავად.

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, თუკი საქართველოში მართლაც ამოქმედდება „მწვანე საშვების“ სისტემა, მაშინ, შესაბამის უწყებებს სერიოზული სამუშაოს გაწევა მოუწევთ თავად სამედიცინო ლაბორატორიების ხარისხის შესასწავლად:

მაია ბუწაშვილი
მაია ბუწაშვილი

„ვფიქრობ, რომ ლაბორატორიების ანალიზების შედეგებიც მისახედია, რადგან თავისთავად პისიარ მეთოდოლოგია ძალიან დიდ გამოცდილებას საჭიროებს და თავიდან ასეც დაიწყო, მხოლოდ იმ ლაბორატორიებში კეთდებოდა პისიარ ტესტი, ვისაც ცე ჰეპატიტის პროგრამის გამოცდილება ჰქონდა. თუმცა, შემდეგ, მოთხოვნის გაზრდასთან ერთად, ცხადია, გაიზარდა ლაბორატორიების რაოდენობაც. გაჩნდა ათეულობით პისიარ ლაბორატორია, რაც ქმნის ეჭვებს შედეგების ხარისხთან დაკავშირებით და რაც პერიოდულად აუცილებლად უნდა იყოს გადამოწმებული სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ“.

რაც შეეხება სრულად გაყალბებული პისიარ ტესტების საკითხს, მაია ბუწაშვილის თქმით, მაქსიმალურად უნდა დაიხვეწოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შექმნილი პორტალი, სადაც საქართველოში ჩატარებული ყველა პისიარ ტესტის ოფიციალური პასუხი იტვირთება:

„როდესაც გაიცემა ტესტის პასუხი, ეს პასუხი ამასთანავე იტვირთება ერთ საერთო კონკრეტულ პორტალზე. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, საზღვარზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ასე ამოწმებენ ტესტებს. თუკი პიროვნება პორტალზე არ აღმოჩნდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ ცნობა ყალბია. ამიტომ, საჭიროა, რომ მკაცრად იყოს დაცული აღნიშნული პორტალის უსფრთხოებაც“.

კორონავირუსის ყალბი პისიარ კვლევებისა თუ ვაქცინაციის ცნობები დიდი ხანია მზადდება მაგალითად, რუსეთში. საიტები მომხმარებლებს სთავაზობენ ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებულ დოკუმენტაციას, შესაბამისი ნომრით, ბეჭდითა და ექიმის ხელმოწერით და ამგვარ გარიგებას „ცნობის ოფიციალურად შეძენას“ უწოდებენ. ვაქცინაციის ყალბი ცნობის დამზადება, შემდეგ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პორტალზე „გოსუსლუგი“ ატვირთვა და ამავე პორტალიდან ყალბი ელექტრონული ცნობის ჩამოტვირთვა, 17 000 რუბლი, დაახლოებით, 800 ლარი ჯდება.

ყალბი ცნობების ყიდვა-გაყიდვის ფაქტები დაფიქსირდა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის აეროპორტებშიც. ბელგიაში, ყალბი პისიარ ცნობის წარდგენისთვის, სამ მოქალაქეს 1600 ევროიანი ჯარიმა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ყალბი პისიარ ცნობების კორუფციული სქემების შესახებ, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში იტყობინებოდა ევროკავშირის პოლიციის სააგენტო, ევროპოლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG