Accessibility links

site logo site logo

სახალხო დამცველი შემოწმების შემდეგ ამბობს, რომ გლდანის ციხის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანა მართებული არ იქნება


გლდანის საპატიმრო დაწესებულება

სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და თვლის, რომ მოშიმშილე პატიმრის გადაყვანა ამ დაწესებულებაში მართებული არ იქნება.

"დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

N18 დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებით, ასევე, ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო აღჭურვილობის დათვალიერებით დადგინდა, რომ დაწესებულებას გააჩნია პატიმართა (მათ შორის მოშიმშილეების) სამედიცინო საჭიროებების მიწოდებისთვის საჭირო რესურსები. თუმცა, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, რაც სამწუხაროდ N18 დაწესებულებაში შეუძლებელია. მაგალითად, ვერ განხორციელდება მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს" - წერს სახალხო დამცველი შემოწმების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველს დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საჯაროდ მიმართეს თხოვნით, შეემოწმებინა იმ საპატიმრო დაწესებულების მდგომარეობა, რომლის ჰოსპიტალშიც ფიქრობს იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების წინ ფარულად შემოვიდა, 1 ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს. ექიმიც და ადვოკატებიც ვარაუდობენ, რომ შიმშილობის სამი კვირის შემდეგ არსებობს მდგომარეობის დამძიმების რეალური საფრთხე და მაგალითად გულის გაჩერების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის იმგვარ კლინიკაში იმყოფებოდეს, სადაც შესაძლებელი იქნება მისი გადარჩენა.


"მონიტოინგმა ცხადყო, რომ იმ შემთხვევაში თუ, მოხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც განისაზღვრა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ, ვერ შესრულდება ადგილზე და საჭირო იქნება, პერიოდულად მისი გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. იმ გარემოების გათვალისწინებით კი, რომ ხანგრძლივად მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებისა და დამძიმების სრულფასოვანი წინასწარი პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვითარების კრიტიკულად შეცვლის შემთხვევაში, შესაძლოა პაციენტის გაყვანის პერიოდში საკმაოდ მძიმე ან გამოუსწორებელი შედეგები დადგეს" - წერს ომბუდსმენი. სახალხო დამცველი N18 დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობასა და რიგი სამედიცინო სერვისების არარსებობაზე 2020 წლის ანგარიშშიც წერდა.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოების საკითხზეც. ომბუდსმენი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში და მის ჰოსპიტალში არ იქნება უსაფრთხოდ იმის მიუხედავად, რომ ციხის ადმინისტრაცია გამოხატავს მზაობას, იზრუნონ მის უსაფრთხოებაზე.

"N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კატეგორიის პატიმრები არიან მოთავსებული, რომლებსაც გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი აქვთ სხვა პატიმრებთან (ყოფილი პოლიციელები, სამხედროები, თანამდებობის პირები). შესაბამისად, მათი ნებისმიერი სახით გადაკვეთა სხვა პატიმრებთან წარმოშობს უსაფრთხოების რისკებს, რომლებიც პენიტენციურმა დაწესებულებამ თავიდან უნდა აიცილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება პატიმრის უფლებების დარღვევა" - წერს ომბუდსმენი. ის მიიჩნევს, რომ ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანის შემდეგ ასევე გართულდება ვიზიტორების მიღება, სეირნობის უფლების გამოყენება თუ ყოველდღიური/ჰიგიენური პროცედურები, რაც საბოლოოდ მსჯავრებულის უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაა იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG