Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კირთაძე: ბათუმის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელად "ოცნების" წარმომადგენელი წარმომიდგენია


გიორგი კირთაძე, ბათუმის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი
გიორგი კირთაძე, ბათუმის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი

ბათუმის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ მოხარული იქნება, თუ ნამდვილი ევროპული მმართველობა საქართველოში ბათუმიდან დაიწყება. მისი თქმით, ბათუმელებმა საკრებულოში მრავალპარტიულ უმრავლესობას და მერიაში კი კოალიციურ მმართველობას დაუჭირეს მხარი და ამას მერის არჩევნების მეორე ტურშიც დაამტკიცებენ.

„დილის საუბრებში“ გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში 16 მანდატით "ქართული ოცნება" ოპოზიციაშია და ამის მიუხედავად, ფრაქციას მერიის საკონტროლებლად ბერკეტები უნდა მიეცეს. კერძოდ, გიორგი კირთაძე ფიქრობს, რომ საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის პოსტი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა უნდა ჩაიბაროს:

„ჩვენ არ უნდა მოვექცეთ „ქართულ ოცნებას“ ბათუმში ისე, როგორც ისინი გვექცეოდნენ 9 წლის განმავლობაში. უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ მათ შორის ბათუმის საკრებულოში, აუცილებლად ჩვენ ბერკეტები უნდა მივცეთ „ქართული ოცნების“ ფრაქციას მერიის გასაკონტროლებლად. მათ შორის, მაგალითად, ღიად ვსაუბრობ უკვე ჩემს მეგობრებთან, რომ საფინანსო სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელად წარმომიდგენია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ამ ტიპის მმართველობა წარმოგვიდგენია ჩვენ ბათუმში. წარმოგვიდგენია მმართველობა, სადაც პოლიტიკური ნიშნით არ მოხსნიან იმ ადამიანებს, ვინც დღეს სხვადასხვა სამსახურს ხელმძღვანელობს, ან აიპ-სა და შპს-ს და დღეს ჩემი კონკურენტის საარჩევნო შტაბშია. პროფესიონალი ადამიანი ყველა დარჩება აუცილებლად მერიაში და გააგრძელებს მუშაობას. უფრო მეტიც, ვიღაცეები მათ შორის, რომლებიც დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კონკურენტის საარჩევნო შტაბში არიან, თუ მათი პროფესიონალიზმი იქნება მაღალი, დაწინაურდებიან კიდეც. ეგ არის მთავარი ცვლილება, რასაც, ჩემი აზრით, ჩვენმა ქალაქელებმა მხარი დაუჭირეს“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ „დილის საუბრებში“.

30 ოქტომბერს, ბათუმში, ისევე, როგორც საქართველოს 19 ქალაქში, მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი კირთაძე (41,97%) და "ქართული ოცნების" კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი (41,08%) მონაწილეობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG