Accessibility links

site logo site logo

პრემიერისა და ეპიდემიოლოგის ჭიდილი ახალი შტამის საფრთხის წინ


AY.4.2 - ეს COVID19-ის მორიგი მუტაციის ოფიციალური სახელია. მეცნიერები კოვიდის ახალ ვარიანტს „Delta პლიუსსაც“ უწოდებენ, რომელიც თავის თავში მოიცავს სპაიკ პროტეინის ორ ახალ მუტაციას - A222V და Y145H, ვირუსს ადამიანის ორგანიზმში შეღწევაში ეხმარება. ეს მუტაციები მანამდე COVID19-ის სხვა ვარიანტებშიც იყო აღმოჩენილი, ამიტომ, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, რამდენად დრამატულად აისახება ცვლილებები ვირუსზე.

თუმცა, AY.4.2 – Delta შტამის მუტაციას დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) უკვე მიანიჭა „დაკვირვების ქვეშ“ (VUI) მყოფი ვარიანტის სტატუსი. ბრიტანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის მზარდი მონაცემები, შესაძლოა, სწორედ დელტა შტამის ახალ მუტაციას უკავშირდებოდეს. სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირებული ინფიცირების 6% სწორედ COVID19-ის ახალ მუტაციაზე,

მოდის. UKHSA-ს განცხადებით, ახლა კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა საჭირო იმისათვის, რათა გაირკვეს, დიდი ბრიტანეთში ინფიცირების რიცხვის ზრდა კორონავირუსის მუტირებულმა ვარიანტმა გამოიწვია თუ ის ეპიდემიოლოგიური მართვის ხარვეზს უკავშირდება.

ლონდონი
ლონდონი

ყურადღებით აკვირდება ე.წ. დელტა პლიუსის გავრცელებას ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც უკვე გამოვლინდა ახალი შტამით ინფიცირების ერთეული შემთხვევები. ზოგიერთი მეცნიერი შიშობს, რომ მას, შესაძლოა, გადადების, ანუ ადამიანთა ინფიცირების კიდევ უფრო მაღალი უნარი ჰქონდეს, ვიდრე მის წინამორბედს, დელტა შტამს, რომელიც როგორც ცნობილია, ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, 7-8 ადამიანს აინფიცირებს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) დირექტორი, დოქტორი როშელ ვალენსკი აცხადებს, რომ COVID19-ის ახალ ვარიანტს მაღალი რეპროდუქციული რიცხვი აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია დააინფიციროს დაახლოებით 9 ადამიანი, მაშინ, როცა კოვიდის ორიგინალური, უჰანური ვერსიით ინფიცირებული ერთი ადამიანი მხოლოდ 3 ადამიანს აინფიცირებდა.

მუტირებული შტამით ინფიცირებულთა მზარდი მონაცემების გამო, განგაშის სიგნალს ავრცელებს ინდოეთიც.

დელტა შტამის მუტირებული ვარიანტი დაფიქსირდა რუსეთშიც. ჯანდაცვის მარეგულირებლის, „როსპოტრებნადზორის“ წამყვანი მკვლევარი, კამილ ხაფიზოვი აცხადებს, რომ შესაძლოა, AY.4.2 ვარიანტი ქვეყნის ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელდეს. ის ვარაუდობს, რომ ახალმა ვარიანტმა შესაძლოა გამოიწვიოს COVID-19-ით დაავადების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა და საბოლოოდ ჩაანაცვლოს კიდეც Delta, თუმცა ეს პროცესი სავარაუდოდ ნელი იქნება.

მოსკოვი
მოსკოვი

AY.4.2 შტამის ერთი შემთხვევაა, ამ ეტაპზე, აღიცხული ისრაელში. ის მოლდოვიდან დაბრუნებულ 11 წლის ბიჭს დაუდასტურდა.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ფრანსუა ბალუ აცხადებს, რომ COVID19-ის მორიგი მუტაცია შესაძლოა, 10-15%-ით უფრო გადამდები იყოს, ვიდრე დელტა შტამი და შესაძლოა უფრო ადვილად ვრცელდებოდეს, ვიდრე Ebola, SARS, MERS და 1918 წლის „ესპანური გრიპი“.

დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ როშელ ვალენსკის განცხადებით, „ამ ეტაპისათვის, არ არსებობს მტკიცებულება, რომ „დელტა პლიუსთან“ ბრძოლაში, ავტორიზირებული ვაქცინები ეფექტურობას კარგავენ“.

ის, რომ COVID19 დროთა განმავლობაში კიდევ არაერთ მუტაციას წარმოქმნის, თავიდანვე ცხადი იყო მეცნიერებისათვის. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, კორონავირუსის ისეთი მუტირებული შტამები გაჩნდეს, რომლებიც რეზისტენტულები აღმოჩნდებიან უკვე შექმნილი ვაქცინების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელები, მსოფლიოს ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ახალი და ახალი მუტაციების აღმოცენების წყაროდ მილიარდობით აუცრელი ადამიანი და მათში ცირკულირებული ვირუსი წარმოადგენს.

გლობალური კოვიდ-სტატისტიკის პორტალის ourworldindata-ს 25 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობით 48,6%-ს აქვს მიღებული ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა. დაბალი შემოსავლის ქვეყნების მოსახლეობის მხოლოდ 3,1%-ია აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით.

სრული ვაქცინაციის დროს ჰოსპიტალიზაციის რისკი 23-ჯერ მცირდება

COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოს სრული მოსახლეობის მხოლოდ 25,47%-ია აცრილი. მათგან ორი დოზით, 22,79%.

მიუხედავად ე.წ. ვაქცინაციის მარათონის წამოწყებისა, რაც ვაქცინაციის პროცესში რეგიონების აქტიურ ჩართვას გულისხმობს, ქვეყანაში დღითიდღე იკლებს ვაქცინაციის მაჩვენებელი. 24 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ 1877 ადამიანი აიცრა. მათ შორის უმეტესობა, მეორე დოზით. და ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა მეხუთე ტალღას ებრძვის და ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 40-ზე დაბლა არ ჩამოდის. ბოლო 24 საათში კოვიდით 46 ადამიანი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, სრული ვაქცინაციის დროს, ინფიცირების რისკი მცირდება 9,3-ჯერ. ჰოსპიტალიზაციის რისკი 23-ჯერ. სიკვდილის რისკი 25-30-ჯერ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის 18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ორჯერადად აცრილი იყო 903 000 ადამიანი და მათგან მხოლოდ 11 ათასი დაინფიცირდა კორონავირუსით. მათ უმრავლესობას არ დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აგვისტოს ბოლოსთვის ქვეყანაში 23 სრულად ინფიცირებული ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, მისი თქმით, „ყველა იყო საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებებით“. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში გარდაცვლილთა 99% აუცრელი იყო.

სავალდებულო ვაქცინაცია - ხელისუფლებისა და NCDC-ის საჯილდაო ქვა

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ვაქცინაციის ტემპი, ფაქტობრივად, გაჩერებულია, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რიგი ჯგუფებისთვის, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების თაობაზე. მათ შორის, მედპერსონალისთვის, პედაგოგებისთვის, იმ სეგმენტისთვის, რომლებსაც საზოგადოების ფართო მასებთან აქვთ შეხება. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკითხი, ნამდვილ საჯილდაო ქვად იქცა ხელისუფლებასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შორის.

უკვე კარგა ხანია, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები. თუკი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია თვლის, რომ სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებებში უხეში ჩარევაა, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პანდემიის დროს სავალდებულო ვაქცინაციას საქართველოში მოქმედი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონი“ არეგულირებს და ეს მართლაც ასეა.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მეხუთე მუხლი განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ამავე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია, სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში, ჩაიტაროს ვაქცინაცია გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ანდა ეპიდემიის დაწყების საშიშროებისას.

კანონის მეხუთე მუხლის თანახმადვე, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის უფლებაა უარი თქვას პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, თუ საქმე არ ეხება ეპიდემიას ან პანდემიას. პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს იმ პირს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 24 ოქტომბერს, „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი, სავარაუდოდ, ნოემბერში უნდა გადაწყდეს.

მისი თქმით, ერთი მხრივ, რიგ ჯგუფებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო უნდა გახდეს, ხოლო მეორე მხრივ, დაინერგოს ადამიანების ირიბი ვალდებულება:

ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

„სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთის მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულოა, მეორეს მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია, რომელსაც ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების შემდგომი ინტენსიფიცირების თვალსაზრისით. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება”.

როგორც ჩანს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციას სრულებით არ იზიარებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და გადაწყვეტილებების მიმღები, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი. ყოველ შემთვევაში, ამ წინასაარჩევნოდ, ის მინიმუმ ამომრჩევლის განაწყენებას ერიდება და იმ მოქალაქეების გულის მოგებას ცდილობს, რომლებიც არათუ სავალდებულო, ზოგადად ვაქცინაციის წინააღმდეგნი არიან. შეიძლება ითქვას, რომ 24 ოქტომბერს, პრემიერმა წერტილი დაუსვა სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების თაობაზე დისკუსიას და განაცხადა:

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

„ცალსახად მინდა ვთქვა, რომ მე როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. ჩვენ მოქალაქეებს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ ჩამომეტანა დროულად საკმარისზე მეტი ვაქცინები. მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანეთ, პირადად მე ვიყავი ჩართული მოლაპარაკების პროცესში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მოქალაქეები და არა ვაიძულოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“.

„დარწმუნება“ რომ ვერ გამოუვიდა ხელისუფლებას, ამას ქვეყანაში ვაქცინაციის სტატისტიკაც მეტყველებს. ვაქცინაციის გეგმით გათვალისწინებული ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრის ნაცვლად, ახლა ქვეყანას ზრდასრული მოსახლეობის, ანუ 16-წელს ზევით მოსახლეობის მხოლოდ 32,4% ჰყავს სრულად ვაქცინირებული. ამ მაჩვენებელს ვაქცინაციის დაწყებიდან 7 თვეში მივაღწიეთ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზაფხულში, ვაქცინაციის ტემპი საკმაოდ სწრაფი იყო და ვაქცინირებულთა რიცხვი დღეში 25-28 ათასს აღწევდა, მაშინ როცა დღეს, დღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი 2000-დან 4000-მდე მერყეობს. ამ მონაცემებით კი ხელისუფლებას, სავარაუდოდ, სასწაულის იმედი აქვს, რომ 60%-იან გეგმას შეასრულებს და წლის ბოლოსთვის მოსახლეობის კიდევ 28%-ს აცრის.

პრემიერის დარი რიტორიკა აქვს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძესაც. გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესახებ კითხვას, ის 25 ოქტომბერს ასე პასუხობს:

ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

„მნიშვნელოვანია, გააქტიურდეს კომუნიკაცია ყველა დონეზე. მოვახდინოთ მაქსიმალური ახსნა-განმარტება მოსახლეობის თითოეული რგოლისთვის, თუ რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი, მოვახდინოთ ვაქცინაციის წახალისება და მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან. ეს არის ჯანდაცვის პოზიცია“.

მინისტრი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, უწყება „იძულების საფუძველს“ ვერ ხედავს, რაკიღა მისი თქმით, არაერთი ღონისძიება, რომელსაც უწყება „აწარმოებს“, „ეფექტს იძლევა“. თუმცა, მინისტრის მიერ ნახსენები „ეფექტი“ რომ ეფექტური ვერ არის, ამაზე, ვაქცინაციის ოფიციალური მაჩვენებელი თავად მეტყველებს.

რას იტყვის საკოორდინაციო საბჭო ე.წ. მწვანე საშვებზე?

რაც შეეხება „მწვანე საშვების“, იგივე კოვიდ-პასპორტების შემოღების საკითხს, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამის თაობაზე, 26 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადება.

არსებობს მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში, საქართველოში ე.წ. „მწვანე საშვების“ სისტემა ამოქმედდება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი განცხადება გააკეთა 20 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ: "დარწმუნებული იყავით, მწვანე საშვები ამოქმედდება. ვერ გეტყვით როდიდან, თარიღს მე ვერ ვადგენ".

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უკვე არსებობს ე.წ. „მწვანე საშვების“ პროექტიც, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, საკოორდინაციო საბჭოს განსახილველად წარუდგინა. ამ დროისათვის, პროექტის შინაარსი უცნობია, თუმცა, თუკი საერთაშორისო გამოცდილებას გავითვალისწინებთ, „მწვანე საშვის“ ამოქმედების შემთხვევაში, სხვადასხვა სივრცეში შესასვლელად, მოქალაქეებს სამიდან ერთ-ერთი ცნობის წარდგენა დასჭირდებათ - სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი QR კოდი, PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ცნობა, რომ COVID19 ცოტა ხნის წინ გადაიტანა.

არ არის გამორიცხული, რომ „მწვანე საშვების“ სისტემა ქვეყანაში ნოემბრიდან, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ამოქმედდეს. ეპიდსიტუაციის უკეთ სამართავად, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უკვე იყენებს ე.წ. „მწვანე საშვებს“. მაგალითად, იმისათვის, რომ შეხვიდე სხვადასხვა დაწესებულებაში, რესტორანში, კაფეში, კინოში, თეატრში, სილამაზის სალონში, ფიტნეს-დარბაზში, საცურაო აუზზე, სტადიონზე, რიგ შემთხვევაში, იმგზავრო საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მოქალაქეებს სამიდან ერთ-ერთი ცნობის წარდგენა ევალებათ. ასეთი წესები მოქმედებს მაგალითად, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ჰოლანდიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, თურქეთში და ა.შ.

კიდევ ერთ-ერთი გზა, რომელიც ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სამართავად შეიძლება იყოს გამოყენებული, ეს არის ასევე აპრობირებული მეთოდი - კოვიდინფიცირებულის სტატუსის აპლიკაცია:

„საქართველოს ყველა მოქალაქეს მობილურში უნდა ჰქონდეს აპლიკაცია, სადაც ავტომატურად იქნება მისი სტატუსი ასახული - კოვიდ-დადებითია ის თუ არა. ამ აპლიკაციის გარეშე ვერ უნდა შედიოდეს ვერსად, ანუ სახლს ვერ უნდა ტოვებდეს ადამიანი. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ კოვიდიანი ხალხის საზოგადოებაში სიარული თავიდან ავირიდოთ. იქნებ ეს მინიმალური მაინც მოვახერხოთ. ჩვენი მეზობელი ქვეყნის თურქეთის მაგალითია, ახალი გამოგონებები არაა საჭირო!“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG