Accessibility links

site logo site logo

PHR: 12 წლის ბავშვს, ვაშლის უნებართვოდ მოკრეფის გამო, მეზობლებმა სცემეს და გააშიშვლეს


"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აცხადებს, რომ ვაშლის უნებართვოდ დაკრეფის გამო მეზობლები 12 წლის ბავშვს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შემთხვევა 2021 წლის მაისში მოხდა.

"ხილის ერთ-ერთმა მეპატრონემ ბავშვს პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ფეხზე, ხოლო მეორემ ბავშვი ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა ხიდან, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, დაარტყა ფეხი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელს ზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა. მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაცია წერს, რომ ბავშვის მშობელმა იმავე დღეს მიმართა პოლიციას და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. საჭირო გახდა ბავშვისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა. გამოძიების დაწყების შემდეგ გამოძიებაში ჩაერთო "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და ბავშვის დაზარალებულად ცნობას ითხოვდა.

"პროკურატურამ არ გაიზიარა ბავშვის ადვოკატის პოზიცია და ბავშვი დაზარალებულად ცნო მხოლოდ ერთი პირის მხრიდან ფიზიკური ძალადობის (სსკ მუხლი 126) ნაწილში, ხოლო მეორე პირის მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი სამართლებრივი შეფასების მიღმა დატოვა", - ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ სწორი კვალიფიკაციით დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით პროკურორს რამდენჯერმე მიმართეს.

იმის გამო, რომ ორგანიზაციის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე პროკურატურა უარს ამბობდა, დაიწყო სასამართლო დავა გორის საქალაქო სასამართლოში. ორგანიზაცია სასამართლოს 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებას პრეცედენტულს უწოდებს და მიზეზებს ასე ხსნის:

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს სწორი კვალიფიკაციით დაზარალებულად ცნობაზე უარის სასამართლოში გასაჩივრებას, სასამართლოს განმარტების თანახმად, პირის დაზარალებულად ცნობა მოიაზრებს სწორი კვალიფიკაციით დაზარალებულად ცნობას".

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურას დაავალა ბავშვი დაზარალებულად ეცნო დამამცირებელი მოპყრობისა და ძალადობის გამო.

"აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა დღემდე არ ასრულებს", - აცხადებენ ორგანიზაციაში "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის".

რადიო თავისუფლება ცდილობს ამ საკითხზე პროკურატურიდან პასუხის მიღებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG