Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის: არჩევნებზე მედიას მუშაობაში ხელს უშლიან


კოალიცია, რომელშიც 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შედის, იტყობინება მედიის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების შესახებ.

„ჟურნალისტებს და ოპერატორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად შეესრულებინათ თავიანთი პროფესიული მოვალეობა... დაფიქსირდა შემთხვევები, როცა, მათ შორის - მმართველი პარტიის წარმომადგენლები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათ “აქტივისტებს” “ზონდერებს” “დეზინფორმატორებსა” და “ოპოზიციის წარმომადგენლებს” უწოდებდნენ“, - წერია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში მოყვანილია მაგალითი, როცა ქარელის მუნიციპალიტეტში, მეორე საარჩევნო უბანში, “TV მონიტორინგის” ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა.

კარდრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ხელს პარტიის დამკვირვებელი ჟურნალისტს. კოალიციის ხელთ არსებული ინფორმაციით, პარტიამ თავისი წარმომადგენელი გაიწვია საარჩევნო უბნიდან.


კოალიციის “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საარჩევნო სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა და არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებსა და ოპერატორებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

„მივმართავთ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შეწყვიტონ სიტყვიერი თავდასხმები და აგრესიის წახალისება ჟურნალისტების მიმართ. მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“, ცხელი ხაზის საშუალებით (555 795 776) მედიის წარმომადგენლებს სთავაზობს კონსულტაციებს როგორც ფოტო-ვიდეოგადაღების წესებთან, ასევე სხვა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG