Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლაზგოში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს ეძღვნება


შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გაიხსნა გაეროს კონფერენცია COP26, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს ეძღვნება. 200 ქვეყნის 25 ათასამდე დელეგატი თითქმის ორი კვირის განმავლობაში იმსჯელებს, როგორ გადავარჩინოთ პლანეტა გლობალურ დათბობას.

გლაზგოს შეხვედრის მთავარი მიზანია, შეაჯამოს, რამდენად სრულდება 2015 წლის პარიზის სამიტზე კლიმატთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება. გლაზგოს სამიტი, რომელიც პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო, შეიძლება მსოფლიოს ინდუსტრიული სახელმწიფოებისთვის უკანასკნელი შანსი იყოს იმ ზომების შესათანხმებლად, რომლებიც შესაძლებელს გახდის პლანეტაზე გლობალური დათბობის პროცესის გაყინვას, მიაჩნიათ ექსპერტებს.

პირველ დღეებში დაგეგმილია „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერთა პირადი შეხვედრები. ისინი იმსჯელებენ, რამდენად შეასრულა ცალკეულმა ქვეყანამ პარიზის შეთანხმებები და შეამცირა სათბურის გაზების ემისია, გააძლიერა განახლებადი ენერგიის წარმოება და გამოყო ღარიბი ქვეყნებისთვის სახსრები კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად.

გაეროს შემადგენლობაში შემავალი მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც გლაზგოს სამიტისთვის მომზადდა, აღნიშნულია, რომ 2015-2021 წლები შეიძლება ყველაზე ცხელი იყო კლიმატზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში. სათბურის ეფექტის მქონე გაზების ატმოსფეროში გაშვება ქმნის საფრთხეს „შორს მიმავალი შედეგებით ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის“. პლანეტა „უცნობ ტერიტორიაზე შედის“.

მაგრამ ბევრი ექსპერტი აქცევს ყურადღებას იმას, რომ მსოფლიოს ლიდერები ვერ შეძლებენ შეთანხმებას და მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდება, ვინაიდან ოთხი ყველაზე მსხვილი დამბინძურებლიდან სამი - ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი - მხარს არ უჭერენ 2050 წლამდე სათბურის გაზების ემისიის ნულამდე დაყვანას. რუსეთს და ჩინეთს ორიენტაცია აღებული აქვთ 2060 წელზე, ინდოეთს კი საკუთარი პოზიცია არ გაუჟღერებია.

გლაზგოს შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG