Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მის გარეშე გაიმართება


ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ცნობით, მისი სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს, 13:00 საათზეა ჩანიშნული საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულის გარეშე გაიმართება.

"სასამართლო პროცესზე პენიტენციურ სისტემას სააკაშვილი არ გადაჰყავს. მეტიც, გუშინ საღამოს არც კი აცნობა პენიტენციურმა სისტემამ, რომ სასამართლოდან იყო მოთხოვნა მოსული. მან ეს გაიგო ტელევიზიიდან, მისი ადვოკატებიდან, მაგრამ პენიტენციურის ვალდებული იყო ეს ეცნობებინა. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას არათუ აპირებენ, არც კი მსჯელობს პენიტენციური სამსახური, სხვა ფორმით ხო არ მიიღებს მონაწილეობას სასამართლო სხდომაზე. მიხეილ სააკაშვილს მიუხედავად დიდი ტკივილისა და სისუსტისა, ჰქონდა სურვილი და მოკრეფდა ძალებს, გადასულიყო სასამართლო პროცესზე" - თქვა გლდანის ციხიდან გამოსულმა ბექა ბასილაიამ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატები აპირებენ დააყენონ რამდენიმე შუამდგომლობა:

  • სასამართლომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გამოცხადება სასამართლო პროცესზე;მიხეი
  • მოიხსნას აღკვეთის ღონისძიება და სააკაშვილს დღესვე მიეცეს ტელეფონით სარგებლობის უფლება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, როცა პენიტენციური სისტემა უარს ამბობს ბრალდებულის გადაყვანაზე სასამართლო დარბაზში, მან უნდა დაასაბუთოს ეს გადაწყვეტილება და ბრალდებულის მიყვანა მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს. აქვს თუ არა პენიტენიურ უწყებას სასამართლოსთვის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უარი დასაბუთებული, უწყებას არ განუმარტავს.

ბექა ბასიალაიამ ისაუბრა ასევე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თქვა, რომ მას უკვე აწუხებს "შინაგანი ორგანოების ტკივილი." ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე დაბრკოლებების გარეშე შევა მოსანახულებლად.

მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები ექსპრეზიდენტის დაკავების პირველი დღიდან ითხოვდნენ დღეს ჩანიშნული პროცესის უფრო ადრე ჩატარებას, თუმცა თარიღი უცვლელი დარჩა.

დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის აქციის დაშლის ეპიზოდზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას (სსსკ-ის 333-ე მუხლი) ედავება.

სააკაშვილს საქართველოს სასამართლოებმა დაუსწრებლად ორ საქმეზე მიუსაჯეს პატიმრობა. ესენია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG