Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილისთვის 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა


მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვის პარალელურად საქალაქო სასამართლოში მოქალაქეები აქციას მართავენ. 10 ნოემბერი, 2021 წელი
მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვის პარალელურად საქალაქო სასამართლოში მოქალაქეები აქციას მართავენ. 10 ნოემბერი, 2021 წელი

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. გადაწყვეტილება დღეს მოსამართლეთა კოლეგიამ - ლია ორკოდაშვილმა, ნინო ელიეშვილმა და მაია ქოქიაშვილმა - მიიღო. საქმის განხილვას თავად მიხეილ სააკაშვილი არ დასწრებია - პენიტენციურმა სამსახურმა მის სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა, თავად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მოსალოდნელი პროვოკაციების გამო, რაც, უწყების თანახმად, მისი გადაადგილებისას შეიძლება მომხდარიყო.

"დღევანდელ პროცესზე 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა. სასამართლომ ამ ეტაპზე ჩათვალა, რომ აღარ იყო საჭირო პატიმრობის გამოყენების საჭიროება და მან გააუქმა ეს ღონისძიება. აქვე განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამავდროულად ბრალდებულია სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან. შესაბამისად, მას მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, რადგან იმ საქმეებზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია, ის გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში", - განმარტა სასამართლო სხდომის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა. მისი თქმით, ბრალდების მხარემ სასამართლოს შესთავაზა, რომ მიხეილ სააკაშვილს საშუალება მისცემოდა პროცესში დისტანციურად ჩართულიყო. ბრიფინგზე ჯარჯი წიკლაურმა თქვა, რომ არავის ეშინია მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დასწრების და ამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის უფლებების შეზღუდვაზე, "ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟი" უწოდა.

7 ნოემბრის საქმეში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ფიგურირებენ გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი. მათ შესახებ მოსამართლეებმა თქვეს, რომ "არ გამოვლენილა ახალი გარემოებები".

მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები ექსპრეზიდენტის დაკავების პირველი დღიდან ითხოვდნენ დღეს ჩანიშნული პროცესის უფრო ადრე ჩატარებას, თუმცა თარიღი უცვლელი დარჩა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე განიხილებოდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის საქმე. მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას (სსსკ-ის 333-ე მუხლი) ედავება.

მომდევნო სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

სააკაშვილს საქართველოს სასამართლოებმა დაუსწრებლად ორ საქმეზე მიუსაჯეს პატიმრობა. ესენია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეები.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად იმყოფება გლდანში, პენიტენციური სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც 8 ნოემბერს გადაიყვანეს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან. თვითმმართველობის არჩევნების წინ უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. მას შემდეგ იგი შიმშილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG