სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თელავის სამმართველოსთან დღეს, 12 ნოემბერს, დაკავებული მწერალი ტორესა მოსი, თელავის დროებით დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
გამოძიება მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ეს მუხლით ედავება, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დროებით დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე ტორესა მოსის გამოკითხვა მიმდინარეობდა თელავის პოლიციის სამმართველოში.
დაკავებულის ინტერესებს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტი თეო ზაქარაშვილი. მან ცოტა ხნის წინ დატოვა კახეთის სამხარეო პოლიციის დროებით დაკავების იზოლატორი, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა.
„ტორესა მოსის დაკავება და ვადის გაგრძელება არღვევს მის უფლებებს და ამიტომ ის ხელწერილის საფუძველზე, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", - თქვა ზაქარაშვილმა.
ტორესა მოსის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მან ზემდგომ ორგანოს უკვე მიმართა დაკავებულის ხელწერილით გათავისუფლების მოთხოვნით. მისივე თქმით, ტორესა მოსის სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება და აცხადებს, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური პროტესტი.
ტორესა მოსი იმ დროს დააკავეს, როდესაც თელავში, სუს-ის შენობის შესასვლელთან აქცია-პერფორმანსს მართავდა. მას საკუთარი ავტომობილით შენობის შესასვლელი ჰქონდა ბლოკირებული. ასევე ავტომობილის საქარე მინაზე პოლიტიკური შინაარსის განცხადებები ჰქონდა გაკრული.
ბანერზე ეწერა:
1. სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება 2 პროცენტიანი ბარიერით;
2. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე გამართვა;
3. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
ტორესა მოსი სამართალდამცავებმა ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, ჯერ პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოში, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
დღეს, 12 ნოემბერს დილით, პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენლებმა ექვს ქალაქში ჩახერგეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობების ეზოებში შესასვლელები.
ექვს ქალაქში ერთდროულად მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა სულ 10 ადამიანი დააკავეს.
დაწერეთ კომენტარი