Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილი არ იმყოფება ციხის საავადმყოფოში, არამედ ჩვეულებრივ საკანშია


ეკა ხერხეულიძე
ეკა ხერხეულიძე

საქართველოს პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკა ხერხეულიძემ გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ „TV პირველის“ ეთერში ილაპარაკა ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ.

როგორც ხერხეულიძე სააკაშვილის მონათხრობზე დაყრდნობით აღნიშნავს, ის არ იმყოფება ციხის საავადმყოფოში. მისი თქმით, სააკაშვილი მოათავსეს საკანში, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებასთნ საერთო არაფერი აქვს.

„მე პირველად გავიგე და ალბათ საზოგადოებაც პირველად გაიგებს, რომ მან სრული სიზუსტით, საკუთარი ხელით დამიხაზა, როგორ ვითარებაში იმყოფება. მე პირველად გავიგე, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იმყოფება ციხის საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილი არის ამ შენობის მეხუთე სართულზე. საერთოდ ცარიელია ეს სართული. მისი საკნის კართან დგას ერთი ადამიანი მთელი ღამის განმავლობაში, რომელიც თავისი წარმოდგენით, ან ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მას იცავს. გვერდზე ოთახში არის ერთი ექიმი, რომელსაც თუ არ დაუძახა მიხეილ სააკაშვილმა, ვერაფერს გაიგებს.

ჩვენ გვანახეს ოთახი, პალატა, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში არემონტებდნენ. თურმე ეს ყოფილა ამბულატორია, რომელიც გადააკეთეს პალატად. არაფერი აპარატურა იქ არ არის. ის ტომოგრაფიც კი გარეთ არის გამოტანილი, მიხეილ სააკაშვილის საკანში, რომელიც ჩვეულებრივი საკანია, უბრალოდ უფრო დიდია, ვიდრე მას ჰქონდა რუსთავში“, - ჰყვება ხერხეულიძე.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს სააკაშვილს პირველ რიგში სჭირდება ჟანგბადი, თუმცა, მისი თქმით, მას ფანჯრის გაღების საშუალება არ აქვს და მის საკანში არ შედის მზის სხივი.

„როგორც კი ამ ფანჯარას აწევს მიხეილ სააკაშვილი, მაშინვე იწყება გინება და ისტერიკა პატიმრების მხრიდან. ის იძულებულია, რომ დახუროს ეს ფანჯარა“, - ამბობს ხერხეულიძე.

პოლიტიკოს ამბობს, რომ სააკაშვილი თუნდაც იმავე სართულზე, საპირისპირო საკანში, რომ გადაიყვანონ, მას უკვე სხვა ხედი ექნება, შეხედავს ქუჩას და არა პატიმრების კორპუსს.

ხერხეულიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსთავში იყო გაცილებით კარგი პირობები იმ თვალსაზრისით, რომ თუ სამედიცინო ოთახში ჩავიდოდა სააკაშვილი, მას დახმარებას დროულად აღმოუჩენდნენ, იმიტომ, რომ ის იყო ჩვეულებრივი მედპუნქტი.

„თუ გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი ცუდად გახდება, მას ვერსად გაიყვანენ. ცარიელ საკანში შეჰყავთ მასთან ექთანი, ან ექიმი, რომელიც იქ უსინჯავს წნევას და აუღებს სისხლს თუ მიხეილ სააკაშვილი პროტესტს არ გამოთქვამს იმ კონკრეტულ დღეს“.

როგორც ხერხეულიძემ თქვა, სააკაშვილმა მასთან საუბარში შენიშნა, რომ თუკი შეუძლოდ გახდება და სათვალთვალო კამერა ამას ვერ დააფიქსირებს, გვერდით ოთახში მყოფი ექიმი მისი მდგომარეობის შესახებ ვერ შეიტყობს.

„იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილს ექნება ინფარქტი, ის უნდა გაიყვანონ ქვედა სართულზე, საიდანაც უნდა მოხდეს პატიმრების ევაკუაცია. მიხეილ სააკაშვილი დერეფანში უნდა დაელოდოს, პატიმრებს უსაფრთხოდ, როდის გადაიყვანენ“, - დაამატა დეპუტატმა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, 8 ნოემბერს ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

სააკაშვილის რუსთავიდან გლდანში გადაყვანის კადრები პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოემბერს გაავრცელა.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მის მიერ წამოყენებული პირობები შესრულდება.

მიხეილ სააკაშვილი მზადაა ​მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობა შეწყვიტოს, დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG