Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თემურ ჯანაშია: „თუ ჯანმრთელია, მოიყვანონ სხდომაზე, თუ ავად არის - გადაიყვანონ საავადმყოფოში“


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ქართული ონება“ ვერც სააკაშვილის „სასამართლოს წინაშე წარდგენის“ დაპირებას ასრულებს.

„ცხრა წელი „ქართული ოცნება“ ჰპირდებოდა ამომრჩეველს, რომ მიხეილ სააკაშვილი წარდგებოდა სასამართლოს წინაშე. აგერ არის სასამართლო, მაგრამ სააკაშვილი არ მოჰყავთ. თვითონ ის ფაქტი, რომ საქმე ამდენი ხანია მიმდინარეობს, ისედაც ეჭვებს ბადებს, რამდენად ობიექტურადაა გამოძიებული. ამაზე ცხრა წელი ვლაპარაკობთ და ყველას შევაწყინეთ თავი ჩემი პიჯაკებით“, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ, რომლის თქმითაც, „დღეს მარტივი მოცემულობაა: ადამიანი თუ ჯანმრთელია, უნდა მოიყვანონ სხდომაზე, თუ ავად არის, გადაიყვანონ საავადმყოფოში“.

მიხეილ სააკაშვლის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, ხოლო სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.

საგამოძიებო უწყება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG