Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძე არ შეხვდა კლინიკების ასოციაციის წარმომადგენლებს


მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ შეხვდა კლინიკების ასოციაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

„მოვედით მინისტრთან შესახვედრად, ვინაიდან ექიმთა საზოგადოება ითხოვს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო დაწესებულებაში გადაყვანას. გვინდა მივიღოთ პასუხი კითხვაზე, რატომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის პოლიპროფილურ კლინიკაში, რასაც ითხოვს მთელი სამედიცინო საზოგადოება. ჩვენ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ასევე მინისტრს, მითუმეტეს რომ ის არის ექიმი და ექიმის უპირველესი დანიშნულება კი პაციენტის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პროფესორმა გიორგი ჩახუნაშვილმა.

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტს, ვილი პაჭკორიას, რომელიც მეოთხე დღეა შიმშილობს მოთხოვნით, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი დონის პოლიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში.

ვილი პაჭკორიას თქმით, ქართული საზოგადოება დგას უბედურების წინაშე, რომლის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

„შეიძლება ისტორიაში ჩაიწეროს სამარცხვინო ფურცელი, მოვკლათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი. როგორც ექიმი, იძულებული ვარ ვიშიმშილო პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით და პაციენტის უფლების დაცვის გამო. დღეს მიხეილ სააკაშვილი იმყოფება გაუგებარი ტიპის ამბულატორიულ ოთახში, პალატას ვერაფრით დავარქმევთ ამ ოთახს. ვიყოთ სოლიდარულები პაციენტის უფლებების დაცვის მიზნით და ერთად გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე“, - განაცხადა საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ვილი პაჭკორიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.

სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების პასუხად, მიხეილ სააკაშვილმა 10 ნოემბერს განაცხადა, რომ მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა მულტიპროფილურ სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, რისი წინააღმდეგიც სპეციალური პენიტენციური სამსახურია.

XS
SM
MD
LG