Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრეგაძე: ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას სააკაშვილის ჯანმრთელობაზე


იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამის შესახებ დღეს, 16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ. მან გადაწყვეტილება ახსნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმით, რომ „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.

როგორც მინისტრმა ბრეგაძემ თქვა, „ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფომაციას და ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას“.

ჟურნალისტების შეკითხვას, კონკრეტულად ვინ მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, იუსტიციის მინისტრმა უპასუხა, რომ ექიმები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს უშუალოდ მკურნალობენ და აქვთ ყველაზე მეტი ინფორმაცია მის ჯანმრთელობაზე.

რატი ბრეგაძის განცხადებითვე, პენიტენციური სისტემა გადაწყვეტილებებს იღებს პატიმრების, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და გლდანის მე-18 დაწესებულებაში ერთიც და მეორეც "უმაღლეს დონეზეა დაცული".

იუსტიციის მინისტრმა ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან. ბრეგაძის თქმით, სააკაშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შიმშილობის შეწყვეტისკენ.

მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისიც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის მომენტიდან არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც მას რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება სჭირდებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა ეს ვერ უზრუნველყო. ბრეგაძის თანახმად, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მოსალოდნელი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფომ მსჯავრდებული გადაიყვანა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში:

"შესაბამისად, მისი დაცულობის ხარისხი სამედიცინო თვალსაზრისითაც დღეს ბევრად მაღალია. აღნიშნულ სამკურნალო დაწესებულებას სრული ინფრასტრუქტურული, თუ საკადრო რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს, როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი, ისე შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია".

იუსტიციის მინისტრის განცხადებითვე, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ და სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევენ.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროების შემთხვევაში, ამ დაწესებულებაში სააკაშვილს ვერ გაუწევენ კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ ყველა საჭირო, სამედიცინო მომსახურებას.

მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბრიდან, ამავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" 9 დეპუტატმა. "ნაციონალური მოძრაობის" 5 წევრი და 1 მხარდამჭერი შიმშილობს ზუგდიდის საკრებულოში და 6 რუსთავის საკრებულოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG