Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანი მოსკოვს სამხედრო დახმარებას სთხოვს აზერბაიჯანის საზღვართან ბრძოლების შემდეგ


სომხეთის თავდაცვის მინისტრი, არშაკ კარაპეტიანი ყარაბაღის სომხურ საგუშაგოს სტუმრობს. 2021 წლის 6 ნოემბერი
სომხეთის თავდაცვის მინისტრი, არშაკ კარაპეტიანი ყარაბაღის სომხურ საგუშაგოს სტუმრობს. 2021 წლის 6 ნოემბერი

სომხეთმა თხოვნით მიმართა რუსეთს, დაეხმაროს სამხედრო თვალსაზრისით მას მერე, რაც აზერბაიჯანთან სასაზღვრო არეალში დაპირისპიერება იყო და ორივე მხარეს დაიღუპნენ და დაშავდნენ სამხედრო პირები.

სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ სროლის დაწყებაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად დაღუპულების და დაჭრილების შესახებ. საზღვარზე დაძაბულობის შესახებ გავრცელებულ ცნობაში სამინისტროს პრესსამსახური დასძენს, რომ მსხვერპლის შესახებ ცნობები ზუსტება. ცნობით, 12 სომეხი სამხედრო ტყვედ ჩავარდა. სომხური მხარე ამტკიცებს, რომ მოწინააღმდეგეს „ცოცხალი ძალის მხრივ დიდი ზარალი მიაყენა“. თავის მხრის სომხეთის არმიამ დაკარგა ორი საბრძოლო პოზიცია.

ადრე გავრცელდა ცნობები, რომელთა მიხედვით, ერევანმა და ბაქომ ერთმანეთი დაადანაშაულეს თავდასხმაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სომხეთის მხრიდან თავდასხმის შედეგად ორი აზერბაიჯანელი მეომარი დაიჭრა. ამავე უწყების ცნობით, სომხურმა მხარემ 16 ნოემბერს თავდასხმა განახორციელა ქელბაჯარის და ლაჩინის რაიონებში, არტილერიის გამოყენებით.

სომხური მხარე აზერბაიჯანის არმიას ადანაშაუალებს თავდასხმაში და ამტკიცებს, რომ მოწინააღმდეგე საზღვრისპირა არეალში ლოკალურ ბრძოლებს აწარმოებს სხვათა შორის, არტილერიის გამოყენებით.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახური, გამოცემა „კომერსანტზე“ დაყრდნობით, იტყობინება, რომ სომხეთმა თხოვნით მიმართა რუსეთს დაეხმაროს სუვერენიტეტის დაცვაში, როგორც ამას მათ შორის 1997 წელს დადებული შეთანხმება ითვალისწინებს. სომხეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთისგან ელის დახმარებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. გრიგორიანის თქმით, საქმე ეხება სამხედრო დახმარებას, რათა ვითარება განიმუხტოს.

მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ მის ტერიტორიას და მოსაზღვრე შვიდ რაიონს სომხეთის ძალები აკონტროლებდნენ 1990-იანი წლების პირველი ნახევრიდან.

ამ ხნის განმავლობაში მხარეებს შორის დროდადრო ყოველთვის იყო მცირე შეტაკებები, მაგრამ შარშან სექტემბერში აზერბაიჯანმა ფართო მასშტაბის სამხედრო იერიში წამოიწყო და ხელში ჩაიგდო მთიანი ყარაბაღის მოზრდილი ტერიტორია და მისი მოსაზღვრე რაიონები.

10 ნოემბერს მხარეებმა რუსეთის შუამავლობით მოაწერეს ხელი საზავო შეთანხმებას, რის შედეგადაც კონფლიქტის ზონაში რუსეთის 2000-კაციანი სამშვიდობო კონტინგენტი გაიგზავნა.

ახლანდელი გამწვავება საზღვრისპირა არეალებში ყველაზე სერიოზული ინციდენტია 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ.

XS
SM
MD
LG