Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენადი ბესტაევის და მოითხოვს ძმის გადაყვანას ცხინვალიდან თბილისის კლინიკაში


ცხინვალი
ცხინვალი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრებს, გენადი ბესტაევს, რომელიც ცხინვალის ციხეში იმყოფებოდა, ინსულტი განუვითარდა და მძიმე მდგომარეობაში ცხინვალის საავადმყოფოში წევს. ამის შესახებ მისმა დამ, ნაირა გუდაძემ განაცხადა.

ნაირა გუდაძე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დახმარებას და ძმის თბილისის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. „რაც ეს ამბავი მოხდა, მე არავინ დამკავშირებია ხელისუფლებიდან. მხოლოდ ის ვიცი, რომ ცხინვალის კლინიკაშია გადაყვანილი. ვითხოვ, რომ ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი ზომები, მოითხოვოს მისი გადმოყვანა თბილისის კლინიკაში", - აცხადებს ნაირა გუდაძე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში ცხოვრობს.

გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველი ინფორმაცია ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა გაავრცელა. რადიო თავისუფლებას ექიმი-ტრავმატოლოგი ეუბნება, რომ ცხინვალის ციხიდან მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. წყარომ გაფრინდაშვილს აცნობა, რომ ბესტაევს ინსულტი აქვს და ის ცხინვალის საავადმყოფოშია გადაყვანილი. გაფრინდაშვილი იმასაც ამბობს, რომ ბესტაევი კომაშია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმირებული არიან გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ.

„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, „ცხელი ხაზის" მეშვეობით, მუდმივ რეჟიმში, ვიღებთ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მისი გადმოყვანის პროცესში ჩართული არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები და სახელმწიფო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ მოხდეს მისი სწრაფი გადმოყვანა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე", - აცხადებენ სუს-ში.

საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. იგი სოფელ ზარდიაანთკარში საკუთარ სახლთან დააკავეს და ბრალად დე ფაქტო საზღვრის დარღვევასთან ერთად, ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდება წაუყენეს.

გენადი ბესტაევის სახლი საოკუპაციო ხაზზე მდებარეობს, სახლის ეზოში მავთულხლართია გაბმული და სახლში ყოველი მისვლისას ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებას უყენებდნენ. ამ ბრალდებით იგი არაერთხელ იყო დაკავებული, რამდენჯერმე ნათესავებმა და თანასოფლელებმა მას თანხაც შეუკრიბეს, რომ ე.წ ადმინისტრაციული ჯარიმა გადაეხადათ. ბოლოს ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში დააკავეს და ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ე.წ საზღვრის დარღვევასთან ერთად, ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდება წაუყენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG