Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ჩამოვტვირთო, როგორ შევავსო, რა მჭირდება - ყველაფერი ქართული კოვიდპასპორტის შესახებ


თუკი აქამდე, კოვიდ-ვაქცინაციის შემდეგ საქართველოში მონიჭებულ QR კოდს, ანუ კოვიდ-სერტიფიკატს, ევროპული ქვეყნების სკანერები ვერ კითხულობდნენ და შესაძლოა, პრობლემა შექმნილიყო როგორც საზღვრის კვეთისას, ისე სხვადასხვა სივრცეში, მაგალითად, კაფეში, დიდ სავაჭრო ცენტრში, თუ სხვა საჯარო სივრცეში შესვლისას, 17 ნოემბრიდან, წესით, ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს, რომელიც ამ დროისათვის, ჯამში 49 ქვეყანას აერთიანებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც საქართველოს მოქალაქე 49 ქვეყნის საზღვრის კვეთისას ან ამ ქვეყნებში, სხვადასხვა სივრცეში შესვლისას, წარადგენს ტელეფონში ჩამოტვირთულ ციფრულ კოდს, რომელიც დაადასტურებს, რომ მას მწვანე სტატუსი აქვს, ის დაუბრკოლებლად მიიღებს გადაადგილების უფლებას.

ამისათვის მან ტელეფონში სპეციალური აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთოს ან კოვიდ-სერტიფიკატი ამობეჭდილი სახით წარადგინოს. თუმცა, შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევაში, მაინც არსებობდეს გადაადგილების წინაღობა. ამისათვის, სტატია ბოლომდე უნდა ჩაიკითხოთ.

როგორ ჩამოვტვირთოთ აპლიკაცია?

თუკი IOS-ის მფლობელი ხართ, მაშინ App Store-ის საძიებო ველში წერთ Georgia e-health-ს და ტვირთავთ აპლიკაციას. გადიხართ რეგისტრაციას, სადაც სახელსა და გვართან ერთად უთითებთ თქვენს პირად ნომერსა და ტელეფონს და რამდენიმე წამში, ტელეფონის ეკრანზე ჩნდება თქვენი სახელი და გვარი, რეგისტრაციის ზუსტი დრო, QR კოდი და ინფორმაცია:

  • რომელი ვაქცინით ხართ აცრილი და როდის;
  • გაქვთ თუ არა გადატანილი კოვიდ-ვირუსი;
  • ინფორმაცია PCR ტესტირების შესახებ (თუკი ის გაქვთ ჩატარებული).

და რა თქმა უნდა თქვენი სტატუსი: მწვანე. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სერტიფიკატის მფლობელს ევროპის 49 ქვეყანაში გადაადგილების პრობლემა არ უნდა შეექმნას.

აპლიკაცია აქვე გთავაზობთ თქვენი სერტიფიკატის ჩამოტვირთვის და შემდეგ უკვე ამობეჭდვის ფუნქციასაც.

რაც შეეხება ანდროიდის მფლობელებს, ამ შემთხვევაში, შედიხართ აი ამ ლინკზე, ჩამოტვირთავთ აპლიკაციას და ანალოგიურად მიჰყვებით ინსტრუქციას.

თუკი ე.წ. „სმარტ“ ტელეფონი არ მაქვს?

მაშინ ორი გზა გაქვს მწვანე სერტიფიკატის მისაღებად:

  • დახმარებისთვის მიმართავთ ახლობელს, რომელსაც აქვს „სმარტ“ ტელეფონი. ის დაგარეგისტრირებთ და შემდეგ სერტიფიკატის ამობეჭვდაშიც დაგეხმარებათ.
  • ან, როგორც საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის 144-ის ოპერატორმა განგვიმარტა, 17 ნოემბრიდან, მიდიხართ იუსტიციის სახლში, სადაც უსასყიდლოდ მიიღებთ კუთვნილ სერტიფიკატს.

რომელი ქვეყნები წაიკითხავენ „ქართულ“ QR კოდს?

როგორც ზევით ვახსენეთ, ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიანი სივრცე 49 ქვეყანას აერთიანებს.

მთავრობის კანცელარიისგან მიღებული სიის თანახმად, ეს ქვეყნებია:

ევროკავშირის წევრი ქვეყნები

  • ავსტრია
  • ბელგია
  • ბულგარეთი
  • ხორვატია
  • კვიპროსი
  • ჩეხეთი
  • დანია
  • ესტონეთი
  • ფინეთი
  • საფრანგეთი
  • გერმანია
  • საბერძნეთი
  • უნგრეთი
  • ირლანდია
  • იტალია
  • ლატვია
  • ლიეტუვა
  • ლუქსემბურგი
  • მალტა
  • ჰოლანდია
  • პოლონეთი
  • პორტუგალია
  • რუმინეთი
  • სლოვაკეთი
  • სლოვენია
  • ესპანეთი
  • შვედეთი

ევროკავშირის არა წევრი ქვეყნები

  • ალბანეთი
  • ანდორა
  • სომხეთი
  • ფარერის კუნძულები
  • საქართველო
  • ისლანდია
  • ისრაელი
  • ლიხტენშტეინი
  • მოლდოვა
  • მონაკო
  • მაროკო
  • ახალი ზელანდია
  • ჩრდილოეთ მაკედონია
  • ნორვეგია
  • პანამა
  • სან მარინო
  • სერბეთი
  • შვეიცარია
  • თურქეთი
  • უკრაინა
  • დიდი ბრიტანეთი
  • ვატიკანი

მაინც დაგვჭირდება თუ არა გამგზავრებამდე PCR ტესტის ჩატარება?

ე.წ. მწვანე სერტიფიკატის მიღების შემთხვევაშიც კი, მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს, შესაძლოა, მაინც მოუწიოს PCR ტესტის ჩატარება. მაგალითად, მათ, ვინც ვაქცინირებულია ჩინური წარმოების ვაქცინებით, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“, რაკიღა ამ ვაქცინებს, ამ დრომდე, არ აქვთ მინიჭებული მკაცრი ევროპული მარეგულირებლის ავტორიზაცია. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, მაგალითად, ესპანეთი.

ან არსებობს მეორე გზაც, ჩინური ვაქცინებით აცრილ მოქალაქეს შეუძლია ჩაიტაროს რევაქცინაცია, ოღონდ მხოლოდ ამერიკული წარმოების „ფაიზერით“.

ანუ, სანამ საზღვარგარეთ გამგზავრებას გადაწყვეტთ, შედით აი, ამ ბმულზე, სადაც დეტალურად გაეცნობით ინფორმაციას, თუ რომელ ქვეყანაში და რა პირობებით შეძლებთ მოგზაურობას.

რა უნდა ქნან იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც კოვიდ-პასპორტები იუსტიციის სახლში 17 ნოემბრამდე აიღეს?

ამ შემთხვევაში, ლაპარაკია ქაღალდზე გაცემულ ცნობებზე. მოქალაქეებმა, რომლებმაც კოვიდ-პასპორტები იუსტიციის სახლში 17 ნოემბრამდე აიღეს, მათ ეს ცნობები უნდა განაახლონ. ინფორმაცია ამის შესახებ 17 ნოემბერს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, გორგი ღიბრაძემ გაავრცელა:

„16 ნოემბრიდან მივურთდით ერთიან სისტემას, შესაბამისად, მივიღეთ ციფრული სერტიფიკატი, რომელიც ჩაშენებულია დღეიდან გაცემულ QR კოდებში. ცხადია, უკვე დაბეჭდილ QR კოდში ამის ჩამატება ვერ მოხდებოდა და ამით არის გამოწვეული ის აუცილებლობა, რომ ვინც 17 ნოემბრამდე აიღო კოვიდ-ბარათი, მან ეს კოვიდ-ბარათი უნდა განაახლოს. მას ახალი QR კოდი მიეცემა ბარათზე, რომელშიც უკვე ჩაშენებული იქნება ევროპული კოვიდ-სერთიფიკატი. აპლიკაციაში ამის აუცილებლობა არ არის. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ისარგებლებს აპოლიკაციით, მას ავტომატურად განახლებული QR კოდი ექნება“.

ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუკი 16 ნოემბერს, კოვიდ-პასპორტის ასაღებად, იუსტიციის სახლში გრძელ რიგში იდექით, აიღეთ კოვიდ-პასპორტი, თან აპოსტილითაც დაამოწმებინეთ, დამოწმებაში თანხაც გადაიხადეთ, დაჩქარების შემთხვევაში, 100 ლარი, გამოდის, რომ ეს თანხა სულ ტყუილად გადაიხადეთ. ის ბარათი გაუქმებულია, რადგან 17 ნოემბრიდან ახალ, ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს მივუერთდით, შესაბამისად, ძველი ბარათი ევროპული სკანერებისთვის კვლავ უჩინარი დარჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG