Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: სააკაშვილისთვის გადაყვანის შეთავაზების ამოსავალი წერტილი ხოშტარიას ფაქტორი იყო


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ისევ არ არსებობდა გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სხვა კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა, თუმცა გაითვალისწინეს სხვა მოშიმშილე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასე ახსნა მან ხელისუფლების გადაწყვეტილება, პატიმრობაში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზებასთან დაკავშირებით.

"სააკაშვილის შემთხვევაში ამის [გადაყვანის] აუცილებლობა დღესაც არ იყო. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი იყო კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელიც იყო დასაცავი. განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას შემთხვევაში დაყოვნება არ იქნებოდა მიზანშეწონილი, გამომდინარე იქედან, რომ ის ორ კვირაზე მეტია შიმშილობს და აქედან გამომდინარე ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება სამედიცინო და უსაფრთხოების მოსაზრებებზე დაყრდნობით", - თქვა კობახიძემ.

დღეს, 19 ნოემბერს, როცა სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 50 დღეა გასული, მას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

"ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ.

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში [გლდანში] და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

საკითხს უკვე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, რომელიც მას პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა. ეკა ხერხეულიძის თქმით, არც გორი და არცერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას.

"ის, რაც ყველას გვაღელვებს - საჭიროა მან შეწყვიტოს შიმშილობა. მას აქვს ერთი პირობა, რისთვისაც დაიბარა უკრაინის კონსული და თავისი ადვოკატი, მათთან ერთად გაივლიან ტექნიკურ დეტალებს და ამასთან დაკავშირებით მოგახსენებენ პასუხს.

მიხეილ სააკაშვილს არ აქვს წინააღმდეგობა გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით - არა იმიტომ მოხარულია, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად გადაიყვანენ, მისთვის მნიშვნელობა აქვს, როგორ გაგრძელდება ბრძოლა ამ ქვეყანაში", - თქვა ეკა ხერხეულიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლო რიცხვებში დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG