Accessibility links

site logo site logo

სენატორები მიესალმებიან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამხედრო ჰოსპიტალში


"მივესალმები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ ცნობების და მისი შიმშილობის დასრულებას", - წერს სენატორი ჯინ შაჰინი „ტვიტერზე" და აქვეყნებს სენატორ რიშთან, სენატორ ჯონსონთან და სენატორ კარდინთან ერთად ხელმოწერილ განცხადების ტექსტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდე მომზადდა.

განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია სასამართლო პროცესებზეც, რომლებზე დასწრების საშუალებასაც მიხეილ სააკაშვილს არ აძლევენ. „ჩვენ ახლოს ვაკვირდებით პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვითარებას და მისადმი მოპყრობას, რაც აშშ-ის სენატში საქართველოს მეგობრებს აშფოთებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავაფრთხილეთ ბატონი სააკაშვილი, რომ მისი დაბრუნება საქართველოში გააძლიერებდა პოლიტიკურ პოლარიზაციას, იგი, როგორც ყველა დაპატიმრებული ადამიანი, რომელიც ელის მის სასამართლოს, იმსახურებს ღირსეულ და სამართლიან მოპყრობას საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით; ჩვენ გვაწუხებს, რომ ეს ახლა ასე არ ხდება".

სენატორები დაჟინებით მოუწოდებენ მთავრობას დაუყოვნებლივ გაითვალისწინოს დამოუკიდებელ ექიმთა რეკომენდაცია.

„დაჟინებით მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გაითვალისწინოს დამოუკიდებელ ექიმთა რეკომენდაცია და უზრუნველყოს ბ-ნი სააკაშვილი იმ სამედიცინო მომსახურებით, რაც მას სჭირდება. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს სასამართლო პროცესებს და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესების უზრუნველყოფა, ჩატარდეს სამართლიანად, გამჭვირვალედ და მისი თანდასწრებით. სამართლიანი და სწრაფი სასამართლო არის ნებისმიერი დემოკრატიის დამახასიათებელი ნიშანი და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორები მიუთითებენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის გავლენაზე საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე.

„ჩვენ სასწრაფოდ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტი მიანიჭოს სააკაშვილის მდგომარეობის სერიოზულობას, და ყურადღებით მოეპყროს ამ ვითარების შესაძლო გავლენას საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობაზე. ახლა არის დრო გვერდზე გადადოთ პოლიტიკური უთანხმოება ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ვინაიდან ეს მდგომარეობა დღითი დღე უფრო მძიმდება, იზრდება არასწორი გათვლების რისკიც, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ბ-ნი სააკაშვილის სერიოზული დაზიანება ან უარესი შედეგიც. ასეთ ტრაგედიას ექნებოდა ხანგრძლივი უარყოფითი გავლენა საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარე იმოქმედონ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად“.

განცხადების ხელმომწერები არიან დემოკრატი სენატორები, სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი, შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ბენ კარდინი; სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის გავლენიანი რესპუბლიკელი წევრები - ჯიმ რიში და რონ ჯონსონი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სააკაშვილი დათანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ.

"ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ.

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში [გლდანში] და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", - თქვა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG