Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი შრომისუნარიანი მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების გაცემის გამკაცრებაზე საუბრობს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში სოციალური დახმარების მანკიერი სისტემაა, რომელიც უნდა შეიცვალოს. მისი თქმით, შრომისუნარიან მოსახლეობას, რომელსაც შეუძლია დასაქმდეს, დახმარების ნაცვლად, სამუშაო ადგილი უნდა შესთავაზონ.

"არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე ტენდენციები არის შემაშფოთებელი - ზრდასრული შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული რომ დაიწყოს ახალი სამუშაო იმის შიშით, რომ სახელმწიფომ არ მოუხსნას დახმარება; არ არის მოტივირებული, რომ საყოფაცხოვრებო მდგომარეობა გაიუმჯობესოს და ეს, რა თქმა უნდა, არის კატასტროფა.

ჩვენ, როგორც მთავრობამ, უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები... უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული მანკიერი სისტემა გაჯანსაღებული სისტემით... ჩვენ, ნაცვლად სოციალური დახმარებისა, უნდა შევთავაზოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ასეთი ათასობით და ათი ათასობით სამუშაო ადგილები", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ახალ, "უკვე აპრობირებულ პროგრამას", რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებში არის გამოცდილი, საზოგადოებას უახლოეს კვირებში წარუდგენს. მან თქვა, რომ საქართველში, დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, საიდანაც მინიმუმ 200 ათასი არის შრომისუნარიანი.

"ისინი დღევანდელი სოციალური პოლიტიკის გამო არ არიან მოტივირებული სამუშაო ადგილების მოსაძებნად. ის კი არა, უამრავი მაგალითი ვიცით, რომ ადამიანი თუ შეიძენს ტელევიზორს ან მაცივარს, შემდეგ მათ ქულები აკლდებათ და უწყდებათ დახმარება... ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომ მინიმუმ ის დახმარება, რომელიც მათ ეძლევათ, ხელფასის სახით უნდა მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და ამას გარდა, რაც მათ შეუძლიათ, რომ მოიძიონ - ამის თავისუფლება უნდა ჰქონდეთ, 2-3 სამუშაო ადგილიც შეუძლიათ იშოვონ", - თქვა ღარიბაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი სურვილია ეს ახალი ხედვა იანვრიდან ამუშავდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG