Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ უნდა შეგაშინოთ ფრაზამ - „ფაიზერს“ ვადა ამოეწურა, გადაწყვიტეთ, აიცრებით თუ არა“


თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ფაიზერის“ მეორე დოზით ასაცრელად მისულ სოფიკო მეგრელიძეს, ექიმმა უთხრა, რომ ვაქცინას ვადა ამოწურული აქვს და ახლა თავად უნდა გადაწყვიტოს, აიცრება თუ არა.

„კაბინეტში შესვლისთანავე მითხრა ექიმმა, რომ ის ვაქცინა რომლითაც ამცრიდა, არის ვადაგასული და ჩემი პასუხისმგებლობაა, ვადაგასული ვაქცინით აცრა მინდა თუ არა. მაშინვე მეგობართან დავრეკე, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრში მუშაობს და ამიხსნა, რომ ვაქცინას მოქმედების ვადა აქვს გაგრძელებული და ექიმი ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. ამ ინფორმაციას ყველა ხომ ვერ გადაამოწმებდა? დარწმუნებული ვარ, რომ ასაცრელად მისული უმრავლესობა გამობრუნდებოდა უკან. და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აცრის ასეთი დაბალი მაჩვენებელი გვაქვს“.

ინფორმაცია ვაქცინის „ვადის ამოწურვის“ შესახებ შეატყობინეს 15 წლის ელენეს დედასაც, რომელმაც შვილის ასაცრელად ვიზიტი ონლაინ დაჯავშნა. აცრის დღეს მას ამცრელი პუნქტიდან დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, ნამდვილად მიჰყავდა თუ არა შვილი აცრაზე და იქვე დააზუსტეს: „იცით ხომ, რომ ვაქცინას ვადა აქვს გასული?“

თუმცა, ამ შემთხვევაში, ელენეს დედას ისიც უთხრეს, რომ ვაქცინას ვადა გაუგრძელდა და დამადასტურებელ დოკუმენტს ადგილზე აჩვენებდნენ:

„ვიკითხე, იყო თუ არა თბილისში სადმე ისეთი ვაქცინა, რომელსაც ვადა ჯერ არ ჰქონდა ამოწურული, მაგრამ მითხრეს, არ ვიცით, თუ გნებავთ, პოლონეთიდან რომ მივიღებთ საჩუქრად „ფაიზერს“, იმას დაელოდეთო. კი მერჩივნა სხვა ვაქცინით აცრა, მაგრამ ახლა ის სიტუაცია არ არის, რომ რამეს დავლოდებოდი. მით უმეტეს, გადავამოწმე მეც ინფორმაცია და ვნახე, რომ „ფაიზერს“ ნამდვილად გაუხანგრძლივდა ვადა, ამიტომ, შვილი ავცერი“.

როგორ და რა დრომდე გაუხანგრძლივდა „ფაიზერს“ ვადა?

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და ფარმაცევტული საშუალებების ადმინისტრაციის (FDA) განცხადებით, თუკი ვაქცინები შესაბამის ტემპერატურულ პირობებში ინახება, -90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე, მაშინ ვაქცინის ფლაკონებსა და კოლოფებზე მითითებული ამოწურვის ვადა, შესაძლოა, სამი თვით გახანგრძლივდეს. სწორედ ასე მოხდა „ფაიზერის“ შემთხვევაშიც.

აშშ-ის სურსათისა და ფარმაცევტული საშუალებების ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 2021 წლის აგვისტოს მიწურულს გამოაქვეყნა თანხმობის წერილი და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციები , რომელიც Pfizer-BioNTech-ის COVID-19-ის ვაქცინის განახლებულ ვადებს შეეხებოდა. შესაბამისად, ე.წ. „ვადაამოწურული“ ვაქცინების ვადები სამ-სამი თვით გახანგრძლივდა. ასე მაგალითად, თუკი „ფაიზერის“ ფლაკონზე დატანილი ვადა იწურებოდა აგვისტოში, მისი ვადა გახანგრძლივდა ნოემბრამდე. სექტემბრის ვადა - დეკემბრამდე და ა.შ.

„ფაიზერი“ არ არის ერთადერთი ვაქცინა, რომელსაც ვადის გახანგრძლივების რეკომენდაცია მიეცა. გამოყენების ვადა ჯერ კიდევ ივლისის მიწურულს გაუხანგრძლივდა კიდევ ერთ კოვიდ ვაქცინას „ჯონსონი და ჯონსონი“. ამ ვაქცინას გამოყენების ვადა თვენახევრით გაუგრძელდა.

ერთ-ერთი პირველი ინფორმაცია „ფაიზერის“ ვადის გაგრძელების შესახებ, სექტემბერში გავრცელდა. როდესაც ისრაელში, 60 000 დოზა ვაქცინას, რომელსაც ფლაკონზე დატანილი ვადა ივლისის ბოლოს ამოეწურა ვადა ოქტომბრის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. გადაწყვეტილება მიიღეს სექტემბრის ბოლოს, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია „ფაიზერის“ წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

ანი ქავთარაძე, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი რადიო თავისუფლებას უხსნის, როგორ ხდება მედიკამენტებისა თუ ვაქცინებისთვის ვადის გახანგრძლივება. მისი თქმით, ეს აპრობირებული მეთოდია და სიახლეს არ წარმოადგენს:

ანი ქავთარაძე
ანი ქავთარაძე

„ფარმაცევტული კომპანიების მედიკამენტების ვადად იღებს დაახლოებით 30%-ით უფრო ნაკლებს, ვიდრე ეს არის განსაზღვრული ან დადასტურებული კლინიკური ან ლაბორატორიული კვლევების მიხედვით. „ფაიზერმა“ თავის დროზე, 54%-ით ნაკლები დრო აიღო ვადად, რადგან ახალი პროდუქტი იყო. მას შემდეგ, რაც ამოიწურა ფლაკონზე მითითებული ვადა, მოხდა ვაქცინის ლაბორატორიულად შესწავლა და აღმოჩნდა, რომ ის კვლავ ვარგისია, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის და რაც მთავარია, ისეთივე ეფექტურია, როგორც მანამდე“.

ანა ქავთარაძის თქმით, იმისათვის, რომ მოქალაქეებს არ გაუჩნდეთ უსაფუძვლო შიშები და ეჭვები, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ისე თავად ამცრელი ექიმები, ვალდებულნი არიან, რომ ეს ინფორმაცია გასაგები ენითა და დასაბუთებულად მიაწოდონ საზოგადოებას:

„ექიმებმა უნდა განუმარტონ ადამიანებს, როგორ ხდება ვაქცინების წარმოება, რა პრინციპს გულისხმობს წარმოება ვადებათან დაკავშირებით და რატომ მოხდა ამ ვადების გადაწევა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უნდა მიაწოდოს ეს ინფორმაცია თავად ექიმებს. ექიმებმა კი, რა თქმა უნდა, ამ პროცესში კიდევ ერთხელ უნდა გადააფასონ თავიანთი როლი. თითოეულ სიტყვაზე, რასაც ისინი ეტყვიან ამცრელ კაბინეტში მისულ ადამიანს, ძალიან ბევრია დამოკიდებული. მით უმეტეს, ახლა, როდესაც ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში ძალიან დაბალია“.

კითხვები, რომლებზეც პასუხი ვერ მივიღეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, „ფაიზერის“ ბუსტერ დოზით 12 ნოემბერს აიცრა. ამ ჟესტით ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში არსებული „ფაიზერის“ დოზები კვლავაც ვარგისია და ვადის გახანგრძლივება არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა ან საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის და ან მისი ეფექტურობა აღარ არის სანდო:

"სპეციალურად გავიკეთე "ფაიზერი", ბევრი მოარული ჭორია, რომ ქვეყანაში არსებულ "ფაიზერს" გაუვიდა ვადა", - თქვა ამირან გამყრელიძემ 12 ნოემბერს.

მანვე თქვა ისიც, რომ თუკი ვაქცინები იმ ნორმების დაცვით ინახება, რომელიც კომპანიის მიერ არის განსაზღვრული, ანუ -60-დან -90 გრადუს ტემპერატურაზე, მისი გამოყენება არა 6 თვის, არამედ 9 თვის განმავლობაში შეიძლება.

რაც შეეხება ქვეყანაში „ფაიზერის“ მარაგს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, 12 ნოემბრისთვის, საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის 900 ათასამდე დოზა ჰქონდა, საიდანაც უდიდეს ნაწილს - 700 ათას დოზას, ვადა მარტის ბოლომდე აქვს, ხოლო დარჩენილ 200 ათას დოზას იანვარ-თებერვალში გასდის ვადა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში, ამირან გამყრელიძემ იგულისხმა უკვე გახანგრძლივებული ვადები.

რადიო თავისუფლება შეეცადა მოეპოვებინა უფრო მეტი ინფორმაცია და დეტალი ქვეყანაში „ფაიზერის“ მარაგებისა და მათი ვადების შესახებ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გასულ კვირაში კითხვებითაც მივმართეთ, თუმცა, პასუხი ჯერაც არ მიგვიღია. კითხვების ჩამონათვალი კი ასეთია:

  • რა რაოდენობის "ფაიზერი" გვაქვს დღეს ქვეყანაში?
  • რამდენ დოზა "ფაიზერს" ამოეწურა ვადა (იგულისხმება ეტიკეტზე დატანილი ვადები)?
  • როგორია ქვეყანაში არსებული "ფაიზერის" დოზების ვადები (იგულისხმება ეტიკეტზე დატანილი ვადები)? სავარაუდოდ, სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა ვადა აქვს.
  • გვაქვს თუ არა ქვეყანაში "ფაიზერის" დოზები, რომლებსაც ეტიკეტზე დატანილი ვადა ჯერ არ ამოწურვია და როგორია პოლიტიკა, ჯერ "ვადაამოწურული" დოზები უნდა გაიხარჯოს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდეს დოზები, რომლებსაც ეტიკეტზე დატანილი ვადა ჯერ არ აქვს ამოწურული?
  • როდის ეწურება პოლონეთის მიერ ნაჩუქარ "ფაიზერს" ვადა (იგულისხმება ეტიკეტზე დატანილი ვადა) და ჩამოვიდა თუ არა ქვეყანაში ეს დოზები?
  • აცრაზე მისულ ადამიანებს, ამცრელი ექიმების ნაწილი აფრთხილებს, რომ ვაქცინას ვადა აქვს გასული და მათ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, აიცრებიან თუ არა. აქვთ თუ არა ყველა ამცრელ ექიმს სრულყოფილი ინფორმაცია, რომ „ფაიზერის“ ვადები სამი თვითაა გახანგრძლივებული? რა ინფორმაცია მიიღეს მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან და როგორ უნდა მიაწოდონ მათ ეს ინფორმაცია აცრის მსურველებს?

გლობალური კოვიდ-სტატისტიკის პორტალის ourworldindata-ს 20 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 24,58%. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, საქართველოში მინიმუმამდეა დასული ყოველდღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი.

წლის ბოლოსთვის, ვაქცინაციის გეგმით გათვალისწინებული ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრის ნაცვლად, ახლა ქვეყანას ზრდასრული მოსახლეობის, ანუ 16-წელს ზევით მოსახლეობის მხოლოდ 34,3% ჰყავს სრულად ვაქცინირებული. ამ მაჩვენებელს ვაქცინაციის დაწყებიდან 8 თვეში მივაღწიეთ.

ზაფხულში, ვაქცინაციის ტემპი საკმაოდ სწრაფი იყო და ვაქცინირებულთა რიცხვი დღეში 25-28 ათასს აღწევდა, მაშინ როცა დღეს, დღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი 4000-დან იშვიათ შემთხვევაში, 8000-მდე მერყეობს. არის დღეები, როდესაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მხოლოდ 2-3 ათასია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სრული ვაქცინაციის დროს, ინფიცირების რისკი მცირდება 9,3-ჯერ. ჰოსპიტალიზაციის რისკი 23-ჯერ. სიკვდილის რისკი 25-30-ჯერ.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში ვირუსს 11 553 ადამიანი ემსხვერპლა.

2021 წლის 15 მარტი - 30 სექტემბრის პერიოდში, ანუ, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყების დღიდან, 18 წელს ზევით პოპულაციაში რეგისტრირებულია COVID19-ით გარდაცვალების 5 469 შემთხვევა.

ამ შემთხვევების 98.96% (5 412) არავაქცინირებული იყო, ხოლო 1.04% (57 ადამიანი) - ვაქცინირებული.

18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულთა შორის სიკვდილისაგან დაცვა 99.34%-ია;

60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაცია 97.24%-ით იცავს სიკვდილისაგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG