Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ონლაინკაზინოების მუშაობს უკავშირებს ახალგაზრდებში ნარკოტიკული საშუალებების მიმართ ინტერესს და რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობს. მან მთავრობის სხდომაზე ონლაინკაზინოების რეგულირების გამკაცრებასა და შემდეგ უკვე აკრძალვაზე საუბრის შემდეგ თქვა, რომ "ნარკომანიის მიმართულებით" კანონმდებლობის უფრო შემსუბუქების შემდეგ, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციაზე რეგულაცია უნდა გამკაცრდეს.

"ამას უკავშირდება ნარკომანია და ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში. საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვექნება საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს", - თქვა ღარიბაშვილმა.

მანვე 22 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ონლაინკაზინოებში მიედინება საქართველოს გაჭირვებული და უმუშევარი მოსახლეობის ფული და ამიტომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.

"ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ და აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს 1,5 მლრდ ლარს. ამის თაობაზე მქონდა ეკონომიკურ გუნდთან საუბარი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე, ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა, ბატონი მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინკაზინოებისთვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოური კომპანიები და საუბედუროდ, ჩვენი მოსახლეობის ფული გაედინება უცხოეთში...

პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და ავწიოთ 25 წლამდე ბარიერი. მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინკაზინოები", - თქვა ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG