Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საკითხზე „ქართული ოცნება" ენმ-ს პასუხობს


ტიტე აროშიძე
ტიტე აროშიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმში გამართულ ბრიფინგს, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარტიის წევრის გარდაცვალება ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას დაუკავშირეს, „ქართულ ოცნებაში" უპასუხეს.

„ქართული ოცნების" წევრმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ, გამორიცხა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან „ქართული ოცნების“ რაიმე კავშირი. „ჩვენთვის ამორალურია ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაცია“, - განაცხადა აროშიძემ და აქვე გამორიცხა ზეწოლის სავარაუდო ფაქტთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძისა და მისი მამის, დავით რიჟვაძის, კავშირი. „არც ბატონ თორნიკეს და არც მის ოჯახს არანაირი შეხება, არც კანდიდატთან და არც იმ ადამიანებთან, ვინც მისულიყო იყო სავარაუდოდ მოსალაპარაკებლად, რაც ამ ჩანაწერებში ჩანს, არ გააჩნიათ. ჩვენ არც ამის დრო გვაქვს და არც ფუფუნება, რომ ვესაუბროთ კანდიდატებს ამ თემაზე“, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ოფისში დღეს, 24 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ფარული ჩანაწერი გაავრცელა,რომელზეც, მისი თქმით, ასახულია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული ზეწოლა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარული სისტემით არჩეულ ნუგზარ ფუტკარაძეზე.

ბოლო ხანს, "„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ზეწოლის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ.

ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი იყო სისხლში შაქრის დონის მატება, რაც, მისივე თქმით, ნერვიულობით იყო გამოწვეული.

  • 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ერთპიროვნული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" - 1.
  • 19 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" ლიდერების ბათუმში ყოფნისას, ჟურნალისტებმა პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძე ჰკითხეს, უნდა ელოდოს თუ არა, მაგალითად, ბათუმი ვადამდელ არჩევნებს, რადგან ქალაქის საკრებულოში სამი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან არჩეული წევრების საერთო რაოდენობა "ქართული ოცნების" წევრთა რაოდენობაზე მეტია, ამან კი შესაძლოა, პრობლემა შექმნას ადგილობრივი ბიუჯეტის მიღებისას. კობახიძემ უპასუხა, რომ ითანამშრომლებენ საკრებულოს ცალკეულ წევრებთან: "და აქედან გამომდინარე, არა გვგონია, რომ რაიმე პრობლემა შეიქმნას ბათუმის საკრებულოში". "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ცალკეული წევრები არ დააკონკრეტა და მხოლოდ ის თქვა, რომ საზოგადოება ამას მოგვიანებით გაიგებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG