Accessibility links

site logo site logo

ანა ნაცვლიშვილი გენადი მაკარიძეს: თქვენ მონაწილეობთ არალეგიტიმურ პროცესში


ანა ნაცვლიშვილი

ფრაქცია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენადი მაკარიძის მოსმენა მიმდინარეობდა.

მანამდე, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ კომიტეტის სხდომაზე ხელცარიელი არ მოსულა და ტრიბუნაზე "საჩუქრად" დატოვა სარკე.

„შეგიძლიათ ჩაიხედოთ და დაინახოთ საკუთარი თავი“, - თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დარბაზიდან გასვლის დროს.

ანა ნაცვლიშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის, გენადი მაკარიძისთვის, შეკითხვა არ დაუსვამს, რადგან, მისი განმარტებით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი „ფარსსა“ და „თეატრალიზებულ წარმოდგენას“ წარმოადგენს.

„თქვენ მონაწილეობთ პროცესში, რომელიც არის არალეგიტიმური... მე უნდა გამოგიცხადოთ ნდობა მოსამართლის მანტიის უვადოდ მოსასხმელად უზენაეს სასამართლოში... თქვენ მხარდაჭერას მოელით დეპუტატებისგან...

მაგრამ მე როგორ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, როდესაც თქვენ მონაწილეობთ პროცესში, რომელიც არ არის ლეგიტიმური... დღეს აქ გასაუბრებები არ უნდა მიმდინარეობდეს იმიტომ, რომ ყველამ, ვინც ამ საკითხში ერკვევა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, თქვა, რომ მანამ, სანამ არ გატარდება ინკლუზიური სასამართლო რეფორმა, სასამართლოში დანიშვნები არალეგიტიმურია - არღვევს კონსტიტუციურ სულისკვეთებას და სასამართლოს მიმართ ნდობას... ახლა ჩვენ რა პროცესშიც ვმონაწილეობთ, ეს არის მიტაცებული პროცესი“, - განაცხადა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

მან ასევე თქვა, რომ გენადი მაკარიძეს არასოდეს ამოუღია ხმა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და მათ შორის, არც მოსამართლეთა კონფერენციის იმ განცხადებაზე, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ იყო მიმართული.

„სად არის თქვენი ხმა ამოღებული იმ უსამარცხვინოესი განცხადების შესახებ, რომელიც [მოსამართლეთა] ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გაავრცელა - ევროპა ერევა ჩვენს საქმეებშიო“, - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა გენადი მაკარიძეს და იქვე განმარტა, რომ "სასამართლოს კლანის" ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვება მოსამართლეებისთვის მხოლოდ მორჩილებით არის შესაძლებელი.

დეპუტატი ამბობს, რომ წინა ეტაპზე პარლამენტმა არ აირჩია „ყველაზე კვალიფიციური მოსამართლეები“, რადგან თითოეული კანდიდატის ბედი „პოლიტიკურ კულუარებში“ წყდება, „ქართული ოცნების“ სურვილის შესაბამისად.

„არ ვიმსახურებ ამას“, „შეურაცხყოფას მაყენებთ“, - ასეთი იყო გენადი მაკარიძის რეპლიკები. 25 ნოემბერს საკომიტეტო მოსმენაზე მან არაერთხელ განაცხადა, რომ პრობლემას ვერ ხედავს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელებაში და უსაფუძვლოდ მიიჩნევს საუბარს სასამართლო სისტემაში „გავლენის ჯგუფებისა“ და „კლანის“ არსებობის შესახებ.

მაკარიძე ფიქრობს, რომ საერთაშორისო პარტნიორები შეცდომაში არიან შეყვანილი.

გენადი მაკარიძის ნაცვლად, დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს რამდენჯერმე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა. ხოლო მას შემდეგ, რაც ანა ნაცვლიშვილმა სხდომა დატოვა, ოხანაშვილმა მას „პოლიტიკოსებად წოდებული“ უწოდა.

„ესენი არიან პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანები, რომლებიც დაცლილი არიან ჯანსაღი მიდგომისგან, ეთიკურობისგან, ელემენტარული კულტურისგან, რომ პატივი სცე ადამიანს, თუნდაც არ მოგწონდეს კონკრეტული აზრი... როგორც კი განსხვავებულ აზრს აფიქსირებ, ხარ მტერი მათი. აი, ეს არის მიდგომა და დამოკიდებულება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სარკეს, რომელიც ანა ნაცვლიშვილმა კომიტეტის სხდომიდან გასვლის წინ ტრიბუნაზე „საჩუქრად“ დატოვა, ოხანაშვილმა ფერი მოუწონა - „ოცნების ფერია, მადლობა, ქალბატონო ანა“. ოდნავ მოგვიანებით ოხანაშვილმა წამოაყენა წინადადება, რომ ეს სარკე ისევ "ლელოს" გაუგზავნონ.

გენადი მაკარიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის უვადოდ გამწესებული მოსამართლეა, რომლის კანდიდატურაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პოსტისთვის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 2 აგვისტოს წარუდგინა.

საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო სექტორი და სახალხო დამცველი დიდ პრობლემად მიიჩნევენ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელებას, იმ „ამბიციური სასამართლო რეფორმის“ გარეშე, რომელზეც ლაპარაკია ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უშუალო ძალისხმევით, პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელება მორიგ უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ამ საკითხთან დაკავშირებით მწვავეა აშშ-ის საელჩოს შეფასებებიც.

„შარლ მიშელის შეთანხმების“ სახელით ცნობილ დოკუმენტს ივლისის მიწურულს ცალმხრივად გამოეთიშა „ქართული ოცნება“.

მმართველ პარტიასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებული მოთხოვნები შესრულებულია ჯერ კიდევ დოკუმენტის ხელმოწერამდე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი არ შეჩერდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG