Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუბარი: 2017 წლის საკრებულოებით ბიუჯეტის დამტკიცება განვითარებაზეა ორიენტირებული


"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გამოიყენეს შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა აძლევდათ და ზოგიერთ მუნიციპალიტეტში 2017 წელს არჩეულ საკრებულოებს 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცებინეს. ეს ის საკრებულოებია, რომლებშიც უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ" დაკარგა.

"ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობებს დაემტკიცებინა, შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი, განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იყო.

ჩვენ გამოვიყენეთ ის შესაძლებლობა, რომელსაც გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რათა ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მუდმივად არეულობის შექმნაზე არიან მომართული, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, ადგილობრივი ორგანოების სამსახურების მუშაობის, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების, ჯამში კი, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განვითარების შეჩერების შესაძლებლობა არ მისცემოდათ", - თქვა სუბარმა.

მისი თქმით, ოპოზიცია იმ საკრებულოებში, სადაც ამის შესაძლებლობა ჰქონდა მიღებული მანდატების რაოდენობით, "პრობლემების" შექმნას აპირებდა.

"არ დამტკიცებულიყო ბიუჯეტი, გაჩერებულიყო მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება და საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე, მნიშვნელოვანი ბარიერები შეექმნათ", - თქვა სუბარმა.

დღეს, 26 ნოემბერს, უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოებში, სადაც 2017 წლის არჩევნებით უმრავლესობაში "ქართული ოცნება" იყო, მომავალი, 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ოპოზიცია ამ პროცესს აპროტესტებდა, რადგან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებით, მოცემულობა შეიცვალა და აღნიშნულ საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა "ქართულმა ოცნებამ". სწორედ ამიტომ მოითხოვდა ოპოზიცია ფინანსური დოკუმენტი ახლადარჩეულ დეპუტატებს დაემტკიცებინათ.

26 ნოემბრის სხდომით ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების პრაქტიკა ორივე ქალაქში შეიცვალა. გასულ წლებში საკრებულოები ბიუჯეტს ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ამტკიცებდნენ.

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ერთპიროვნული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" - 1.

2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. 45-წევრიან საკრებულოში 22 მანდატი მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ", 20 "ქართულმა ოცნებამ" და 3 ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის". მერის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ დაამარცხა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, ანზორ მელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG