Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უვადო “მწვანე პასპორტის“ იდეის გადახედვას იმუნიზაციის საბჭო მოითხოვს


იმუნიზაციის საბჭო კოვიდის გადატანის შემდეგ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეის გადახედვას მოითხოვს, - ამის თაობაზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდგომ უვადო "მწვანე პასპორტის" იდეა და ის შემცირდეს 6 თვემდე. ჩვენ ვთვლით, რომ 6- თვიანი პერიოდი არის ის ,რაც ახლა სჭირდება საქართველოს",- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი განმარტებით, განხილვის საგანია ვირუსის გადატანიდან რამდენი თვის განმავლობაში შეიძლება „ჩაითვალოს ვალიდურად“ "მწავნე პასპორტი".

„სხვადასხვა მისაზრებებია სხვადასხვა ქვეყნებში. არის 9-თვიანი, არის 1 წლიანი, უვადო არსად არ არის, პირდაპირ გეტყვით. უმრავლეს ქვეყნებში ეს არის 6 -თვიანი... ამიტომ დღეს მიეცა [დავალება] სამეცნიერო ჯგუფს, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხზე, განსაკუთრებით კოვიდ პასპორტთან მიმართებაში. კიდევ ბუსტერ დოზებზეც იყო საუბარი და ვფიქრობ, რომ ხვალისთვის უკვე იქნება მათი დასკვნა და შესაბამისად მიიღებს მერე უკვე გადაწყვეტილებას დიდი საკოორდინაციო საბჭო“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეიდან, 1 დეკემბრიდან, საქართველოში 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები და ასევე უცხო ქვეყნების მოქალაქეები კონკრეტულ დაწესებულებებში დაიშვებიან მხოლოდ ე.წ. მწვანე პასპორტით. ამასთან, „მწვანე პასპორტი“ სავალდებულო არ არის მომსახურე პერსონალისთვის. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც პირს "მწვანე სტატუსი" მიენიჭება, ეს არის COVID19-ის გადატანა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირს სტატუსი ენიჭება მუდმივად.

29 ნოემბერს ადვოკატებმა ანა არგანაშვილმა და ანა აბაშიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ადვოკატები ითხოვენ, სასამართლომ უახლოეს ორ დღეში დაავალდებულოს მთავრობა, წარმოადგინოს არგუმენტაცია კოვიდგატანილებისთვის „მწვანე პასპორტის“ უვადოდ გაცემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

მათ მიაჩნიათ, რომ კოვიდგადატანილებისთვის „მწვანე პასპორტი“ არ შეიძლება სამუდამო იყოს, მით უფრო, რომ ვირუსი მუდმივ მუტაციას განიცდის და ახალი შტამები ჩნდება. მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ვარაუდით, „ომიკრონი“ საქართველომდე დაახლოებით ერთ თვეში მოაღწევს.

საქართველოში ისევ მაღალია კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი. ამ ფონზე, 2021 წლის 15 მარტიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 35%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG