Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერით უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესდა კიდევ 4 მოსამართლე


საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 1 დეკემბერს მიღებული ამ გადაწყვეტილების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ გახდნენ: გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე და თეა ძიმისტარაშვილი.

მაკარიძის, ოქროპირიძის და ძიმისტარაშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა 5-ის წინააღმდეგ, ხოლო სანდოძეს - 80-მა 5-ის წინააღმდეგ.

2021 წლის 12 ივლისს, პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს წევრი უვადოდ გახდა კიდევ 6 მოსამართლე. ეუთომ ეს შეაფასა პროცესად, რომელსაც "აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა".

პარლამენტის მიერ 12 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება შეფასდა "მიშელის შეთანხმების" დარღვევადაც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის ნაწილს შორის 2021 წლის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებით, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიხედვით და პოლიტიკური პარტიების შეთანხმების საფუძველზე რეფორმის განხორციელებამდე, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერებულიყო.

უზენაეს სასამართლოში კიდევ 4 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის განზრახვას ისევ მოჰყვა როგორც ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის, ისე ევროკავშირის და აშშ-ის კრიტიკა, თუმცა, მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ პროცესი არ შეაჩერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG