Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ის განცხადებით, საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე


ჯავა

1 დეკემბერს ოკუპირებულ ჯავის რაიონის სოფელ ვანელის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც სუს-ის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, დაკავებული არის 1974 წელს დაბადებული მალხაზ ოლეგის ძე ჯანელიძე. ის თელაველია და თბილისში ცხოვრობს.

განცხადების თანახმად, უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ფაქტის შესახებ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

როგორც სუს-ი აღნიშნავს, ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლების მიზნით.

სუს-ი მიიჩნევს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

დე ფაქტო შსს-ზე დაყრდნობით ოსური მედია იუწყება, რომ კაცი ფეხით მიდიოდა და თან არ ჰქონდა საბუთები. ამავე ცნობით, დაკავებულმა განმარტა, რომ ე.წ. საზღვარი სოფელ ერგნეთთან გადაკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG