Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე არჩეულია, ოპოზიციის ნაწილმა პირველი სხდომა დატოვა


თბილისის საკრებულოს წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან"
თბილისის საკრებულოს წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან"

თბილისის ახალი, მე-7 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა დაწყებიდან რამდენიმე ხანში დატოვეს ოპოზიციური პარტიების, „ნაციონალური მოძრაობის“ და „საქართველოსთვის“ წევრებმა.

ახალი მოწვევის საკრებულოში უმრავლესობით, 29 დეპუტატითაა წარმოდგენილი "ქართული ოცნება", 13 წევრი ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას", 4 - ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, 2 - „ლელოს" და 1 - ანა დოლიძის პარტიას "ხალხისთვის".

საკრებულოს პირველ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ ბათუმში გარდაცვლილი თანაპარტიელის, ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოიანი შავი მაისურებით. სხდომის დარბაზის დატოვების შემდეგ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მაშინ, როცა ბათუმის საკრებულოს წევრად არჩეულმა ნუგზარ ფუტკარაძემ ვერ გაუძლო „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას, შანტაჟს და მოსყიდვის მცდელობას, უფლება არ აქვთ, რომ თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იყვნენ და უყურებდნენ, როგორ ინაწილებენ საკრებულოს თანამდებობებს „ქართული ოცნების“ წევრები .

ამასთან, "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ თბილისის საკრებულოს ყველა შემდეგ სხდომაში მონაწილეობას აქტიურად მიიღებენ და გააგრძელებენ ბრძოლას "დანაშაულებრივი რეჟიმის" წინააღმდეგ. საკრებულოში აქტიური საქმიანობის და თბილისელების ინტერესთა დაცვის მიზნებზე ლაპარაკობდნენ დღეს მედიასთან "ლელოს" და "ხალხისთვის" წარმომადგენლები.

თბილისის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა "ქართული ოცნების" ერთპარტიული მმართველობისადმი პროტესტის ნიშნად დატოვეს პარტიის "საქართველოსთვის" წევრებმა, რომლებმაც უარი თქვეს საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევაში მონაწილეობაზე.

თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე 27 ხმით, საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ტყემალაძე. ის თბილისში ხელმძღვანელობდა წინა, 2017 წლის მოწვევის საკრებულოსაც. ტყემალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, კონსტრუქციულად ჩაერთონ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ყველა გადაწყვეტილების მიღებაში.

2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა 64-დან 7 - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ, გადამწყვეტს ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".

საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები დღეს, 3 დეკემბერს იმართება. მერის არჩევნებში მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG