Accessibility links

site logo site logo

დეგნანი სააკაშვილზე: იმედია, ყველა გაუწევს ანგარიშს ექიმების დასკვნას, ნამდვილად იღებს თუ არა იმ მკურნალობას, რაც მას სჭირდება


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პასუხობს ჟურნალისტების კითხვას საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის დანიშნული შესაძლო არაადეკვატური მკურნალობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

მისი განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მკურნალობის პროცესში გაჩენილ კითხვებს პროფესიონალმა ექიმებმა და ექსპერტებმა უნდა უპასუხონ:

„შექმნილია ექსპერტების გუნდი, მათ შორის, სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი მედიკოსთა გუნდი, რომლებსაც შეუძლიათ უკეთ შეაფასონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მისი საჭიროებების, ისე სტაბილურობის თვალსაზრისით. დიდი იმედი მაქვს, ყველა გაუწევს ანგარიშს კვალიფიციური მედიკოსების დასკვნებს, რომლებსაც აქვთ ცოდნა, რომ შეაფასონ მისი მდგომარეობა და დაადასტურონ, რომ ის ნამდვილად იმ მკურნალობას იღებს, რაც მას სჭირდება“.

4 დეკემბერს, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს არასწორად ჰქონდა დანიშნული ერთ-ერთი ნეიროლეფსიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ფსიქოზური მდგომარეობის კუპირებისთვის. თუმცა, მისი სიტყვებით, დღეს მიხეილ სააკაშვილს ფსიქოზი არ აღენიშნება.

ჯიშკარიანის სიტყვებით, ეს პრეპარატი ფიგურირებს როგორც რუსთავის მე-12 დაწესებულების სამედიცინო ბარათში, ასევე გორის ჰოსპიტლის სამედიცინო დოკუმენტაციაში. ინფორმაცია გამოთხოვილია მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდანაც იმისათვის, რომ ექიმებისთვის ცნობილი გახდეს ინფორმაცია პრეპარატის დოზირების შესახებ.

„იყო თუ არა ეს დანიშნულება მიზანმიმართული? ამ კითხვას, ალბათ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასცემენ პასუხს, ნებისმიერ შემთხვევაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფსიქოტროპული პრეპარატების არაადეკვატური გამოყენება ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება და უნდა გაეცეს პასუხი, რას ემსახურებოდა ეს. მას ეს წამალი არ ესაჭიროებოდა“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG