Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყიფშიძე: სააკაშვილისთვის იგეგმებოდა წამლის დოზის ათჯერ გაზრდა, ის სასამართლოზე ვერ გამოვიდოდა


საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გორის ჰოსპიტალში გადის შიმშილობის შემდგომ მკურნალობის პროცესს, პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა.

ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ არის კარგად და მას ამჟამად გამოკვეთილი სისუსტე აღენიშნება.

ნიკოლოზ ყიფშიძე გამოეხმაურა ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის თანახმადაც, სააკაშვილს არასწორად ჰქონდა დანიშნული ერთ-ერთი ნეიროლეფსიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ფსიქოზური მდგომარეობის კუპირებისთვის. ჯიშკარიანის სიტყვებით, ეს პრეპარატი ფიგურირებს როგორც რუსთავის მე-12 დაწესებულების სამედიცინო ბარათში, ასევე გორის ჰოსპიტლის სამედიცინო დოკუმენტაციაში. ჯიშკარიანი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფსიქოტროპული პრეპარატების არაადეკვატური გამოყენება ფასდება, როგორც ფარმაკოლოგიური წამება და კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ სამედიცინო ისტორიის თანახმად, რომელიც მან პირადად ნახა, იგეგმებოდა დოზების დაახლოებით ათჯერ გაზრდა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილი წამალს გაზრდილი დოზებით მიიღებდა, ის ვერ შეძლებდა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას:

„ეს მედიკამენტი დაინიშნა რუსთავის კლინიკაში. ეს იყო საძილე საშუალება. ამ წამლის მიღება შევწყვიტეთ პარასკევს, პირველი სასამართლოს წინ. ჩემი თვალით ვნახე ისტორია, რომ დოზების გაზრდა იგეგმებოდა. დაახლოებით ათჯერ მეტი დოზა ინიშნებოდა. ეს ითვლება საშუალოზე მეტ დოზად და გამოიწვევდა უფრო მეტ სისუსტეს და უფრო მძიმე მდგომარეობას. თუკი ის ამ გაზრდილ დოზებს მიიღებდა, ის ვერ გამოვიდოდა სასამართლოზე. ეს დოზები დაინიშნა გორის ჰოსპიტალში, ფსიქიატრის მიერ. არ ვიცი, ვინ იყო ის“.

მისივე თქმით, ამჟამად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ ის კვლავ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანონ:

„ეს შეუძლებელია. არცერთი ექიმი ხელს არ მოაწერს მის რუსთავის ციხეში ეტაპირებას. მე ასეთ ექიმს არ ვიცნობ, არც საქართველოში და არც მთელ მსოფლიოში“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობდა. შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG