Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს სჭირდება ფსიქოთერაპიული ჩარევა


სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეოთხე დასკვნის შედეგები წარმოადგინა. როგორც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, დოკუმენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 12 დეკემბრის ვიზიტის საფუძველზე მოამზადეს. მისი თქმით, ექიმებს პაციენტის სრულყოფილად გასინჯვის საშუალება ჰქონდათ და გაეცნენ მის მონაცემებს. ამასთან, კონსილიუმთან ითანამშრომლა ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალმა.

დასკვნის თანახმად, ამ ეტაპზე გამოხატულია შემდეგი ძირითადი პრობლემები:

  • ნევროლოგიური სიმპტომატიკა, კერძოდ, მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე;
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიული აშლილობის კლინიკური ნიშნები;
  • ანემია;
  • რიგ მედიკამენტებთან, მათ შორის ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით გამოვლინდა უფრო ოპტიმალური დანიშნულების საჭიროება;
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიის მიუხედავად, პაციენტს დღემდე არ უტარდება ფსიქოთერაპია.

სომატური თვალსაზრისით პაციენტის მდგომარეობა, მკურნალობის მიმდინარეობის ფონზე, მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ექსპერტთა ჯგუფი წარმოადგენს დამატებით რეკომენდაციებს, რაც დეტალურად დანართში იქნება განხილული.

საყურადღებოა, რომ ფსიქოთერაპიის ჩატარების შესახებ რეკომენდაცია ექსპერტთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 25 ნოემბრის დასკვნით გასცა, რაც ამ დრომდე არ შესრულებულა. ექსპერტთა ჯგუფს ამ მიმართულებით არსებული ფარმაკოლოგიური მკურნალობის მხრივაც გააჩნია გარკვეული სახის შენიშვნები, რომლებიც ასევე დანართში იქნება წარმოდგენილი.

არასაკმარისი სიმძლავრით მიმდინარეობს ფიზიკური რეაბილიტაცია. ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ მკურნალობის ამ რგოლს შესაძლოა ხელი შეუწყოს ფსიქოთერაპიის დროულმა დაწყებამ.

რეკომენდაციები:

პაციენტის მკურნალობისა და სრულფასოვანი რეაბილიტაციის მიზნით, ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიის მკურნალობის მიზნით, შესაბამისი ფსიქოთერაპიული ჩარევა;
  • ფსიქოთერაპიული ჩარევების, მოცულობისა და მეთოდების განსაზღვრის მიზნით, ჩატარდეს შესაბამისი დამატებითი კვლევები ამ სფეროს (მათ შორის, ფსიქოტრავმის სპეციალისტების) პროფესიონალების ჩართულობით.
  • ფიზიკური რეაბილიტაცია;
  • ფარმაკოლოგიური მკურნალობის კორექცია დანართში მოცემული დეტალური რეკომენდაციების შესაბამისად.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბრიფინგზე ილაპარაკეს კონსილიუმის წევრებმა. დასკვნის ერთ-ერთი ავტორი, შინაგანი სნეულებებისა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლ ხურციძე ამბობს, რომ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკეთესია, იმ მხრივ, რომ ის გაცილებით მეტად არის გონზე, მეტყველებს, თუმცა გამოხატული აქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები მეხსიერებაში, ემოციურ ფონში, ზოგადად, მოქმედებაში, აფექტსა და მოძრაობაში. ექიმის შეფასებით, დაზიანებები აშკარაა. პაციენტს უჭირს სიარული და მთელი რიგი პრობლემები აქვს ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ფსიქოსომატურ და ზოგადად, ფსიქოლოგიურ სტატუსს, გრიგოლ ხურციძის შეფასებით, გამოხატული არის პოსტტრავმატული სტრესული დაზიანება, დეპრესია, რომელიც მის მოქმედებაზე გავლენას ახდენს; ასევე, გავლენას ახდენს მის მენტალურ აზროვნებაზე, რადგანაც მუდმივი მშფოთვარე მდგომარეობა იწვევს უძილობას, კონცენტრაციის მოშლას და მეხსიერებაში ჩავარდნებს.

ხურციძემ ილაპარაკა სააკაშვილის კვებით რეჟიმზეც. „ჩვენ გვითხრა, რომ პირველი ათი დღის განმავლობაში კარგად იღებდა საკვებს, ახლა კი შეგრძნებები აქვს ისეთი, რომ ჭამა აღარ უნდა, გულისრევის შეგრძნება აქვს და ზოგადად, ჭამისკენ აქვს ცოტა, ასე ვთქვათ, უარყოფითი დამოკიდებულება. ეს შეიძლება გამოწვეულია მისი ზოგადი მდგომარეობით ან პოლიფამაზიით, რადგან ძალიან ბევრ პრეპარატს იღებს“, - თქვა მან.

გარდა ამისა, ექიმი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ფსიქოტროპული მედიკამენტების კორექციაც: „ერთი ჯგუფის ორ პრეპარატს არ უნდა იღებდეს. ეს აუცილებლად გადასახედია“.

ხურციძის თქმით, ამ ტიპის პაციენტს სჭირდება კომპლექსური მიდგომა. „ფსიქოთერაპევტი, ტრავმული ფსიქოლოგი, რომლის სპეციალისტიც საქართველოში არის. შესაძლოა ისინი მოვიდნენ და ჩაერთონ ამ პროცესში“, - აღნიშნავს ექიმი. მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში სწრაფი გადაყვანა, ცხადია, დადებითად არ იმოქმედებს მასზე.

იყო თუ არა ფარმაკოლოგიური წამება?

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ფარმაკოლოგიური წამების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა ფსიქიატრმა მარინა კურატაშვილმა. მან თქვა, რომ ვერ ხედავს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს.

„მე ბატონი მიხეილი ვნახე მხოლოდ ერთხელ და მას ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა, - აღნიშნა კურატაშვილმა და დაამატა, - მე ნამდვილად გავეცანი მხოლოდ იმ მედიკამენტებს, დანიშნულების ფურცლებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება უნდოდა. რა იყო სხვა დაწესებულებებში, არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, რომელშიც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული, რა წამლებს იღებდა. იქ არის მაქსიმალური დოზა „კეტილეპტი“. მას 100 მგ ჰქონდა დანიშნული და თუ ამ დოზაზე ვერ დაიძინებდა, უმატებდნენ 50 მგ-ს, ზოგჯერ მისი თხოვნითაც. სხვათა შორის, ის, რომ მას 200მგ დაუნიშნა ერთ-ერთმა კონსულტანტმა, დასაბუთებულია იმით, რომ 150მგ უკვე მიღებული ჰქონდა და შეიძლებოდა ასე დოზის მომატება“.

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლეს ნევროლოგმაც და ფსიქიატრმაც, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების კომბინაცია, რომლებსაც იღებს მიხეილ სააკაშვილი.

„ის იღებს ოთხ სხვადასხვა მედიკამენტს, აქედან ორი არის ერთი ჯგუფის, მაგრამ საერთო ჯამში დოზირება საერთოდ არ ჯდება მედიკამენტოზურ წამებაში. იმიტომ, რომ ყველა არის საშუალო თერაპიული დოზით ან საშუალოზე ნაკლები დოზით გამოყენებული. სამედიცინო ბარათებითა და დანიშნულების თანახმად, გამორიცხულია მედიკამენტოზური წამება“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ. როგორც ექიმმა აღნიშნა, გლდანის ციხის დანიშნულებაც იყო შესწავლილი.

გრიგოლიამ შეაფასა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაწეული მკურნალობა. როგორც მან აღნიშნა, გორში მკურნალობა მედიკამენტოზური თვალსაზრისით არის ადეკვატური. ექიმი ამის დასტურად სააკაშვილის ანალიზების მეტ-ნაკლებად გამოსწორებულ მონაცემებს ასახელებს.

ფსიქოთერაპიული ჩარევის საჭიროება

გიორგი გრიგოლიამ დაასახელა მიზეზი, რაც აფერხებს სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. „აბსოლუტურად არ არის ჩატარებული ფსიქოთერაპევტული თერაპია, რაც აფერხებს გამოჯანმრთელების პროცესს. უკვე 21 დღეა, რაც ჰოსპიტალში იმყოფება და მას ადეკვატური კვების შემთხვევაში, ის დარღვევებიც აღარ უნდა ჰქონდეს, რაც აქვს. ეს გამოწვეულია ფსიქონევროლოგიური სტატუსით. ეს 21 დღე რომ არ ჩაუტარეს სპეციფიკური მკურნალობა, რა თქმა უნდა, დაგვიანებულია და ყოველი შემდგომი დღე არის დაგვიანებული“, - თქვა ექიმმა.

გრიგოლიას აზრით, მიხეილ სააკაშვილის უკან, რუსთავის ციხეში გადაყვანა დღევანდელი სტატუსით მიუღებელია. მისი შეფასებით, პირველ რიგში, რაც წერია რეკომენდაციებში, ეს არის კვალიფიციური ფსიქოთერაპევტების კონსულტაცია, რომლებიც ხვალვე უნდა ჩაერთონ მკურნალობაში.

როგორც გიორგი გრიგოლია ამბობს, გორის სამხედრო ჰოსპიტალი არის ისეთივე, როგორიც არის საქართველოში საშუალო მრავალპროფილური პოსპიტალი. „შეფასება არის, რომ არც არავისზე უკეთესია და არც უარესი“, - შენიშნა მან.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები:

გიორგი გრიგოლია, გრიგოლ ხურციძე, გიორგი კაჭარავა, გიორგი პაპიაშვილი, აიდა გოზალოვა, თენგიზ წულაძე, ნინო ზავრაშვილი, მარინე კურატაშვილი, მამუკა მაჩაიძე.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მან შიმშილობა პირველი ოქტომბრიდან დაიწყო, მაშინ როცა სააკაშვილი დააკავეს. მან 50-დღიანი შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

დოკუმენტი ნახეთ აქ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG