გორის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს 2020 წლის თებერვალში გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილი. გადაწყვეტილება 2021 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა.
მერაბ კობიაშვილის მეუღლემ მედიას უთხრა, რომ გამამართლებელი განაჩენი 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო.
კობიაშვილს ბრალად ჰქონდა წაყენებული 19-109 და 108-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული - ერთი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა და განზრახ მკვლელობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას მინიმუმ 7-წლიანი პატიმრობა, მაქსიმუმ კი უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.
"12-მა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს არ იყო არც განზრახ მკვლელობა, არც განზრახ მკვლელობის მცდელობა და მერაბი უდანაშაულოდ ცნო ამ ორ მუხლში. ჩვენ ეს ყველამ ვიცოდით, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა. ახლა უკვე იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი გვაქვს", - თქვა მერაბ კობიაშვილის ცოლმა, ნატა ქიტესაშვილმა.
გუდაურში გარდაცვლილი თამაზ გორთომაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ბრალდებული არ უნდა გაემართლებინა.
"მკვლელი გაამართლეს... ის იყო ნამდვილად განზრახ მკვლელი, მაგრამ მაგას იმდენი ადამიანი იცავდა, იმდენი ხალხი ჰყავს, რომ ჩვენ იმასთან ნულები ვართ..." - უთხრა მედიას თამაზ გორთომაშვილის დედამ.
საქმის განხილვის დროს პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული დადასტურდებოდა.
"ალბათობის მაღალი ხარისხით დასტურდება გარემოება, რომ მერაბ კობიაშვილმა ჩაიდინა 2 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ერთი პირის განზრახ მკვლელობა და ერთი პირის ცემა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარი არ შეიძლება იყოს აუცილებელ მოგერიებაზე", - აცხადებდა პროკურორი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის გადაცემის დროს.
გასული წლის 16 დეკემბერს გუდაურში ერთი ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ საქმეზე მერაბ კობიაშვილი დააკავეს. ის და მისი ოჯახი არ უარყოფენ ამ საქმეში მონაწილეობას, თუმცა აცხადებდნენ, რომ ეს მოხდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
გამოძიება აცხადებდა, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 05:30 საათზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში, გუდაურის ახალ დასახლებაში ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მერაბ კობიაშვილმა უმიზეზოდ 19 წლის მ.უ-ს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის და ფეხის დარტყმებით სცემა, რის შემდეგაც მან დასახმარებლად მეგობარს მიმართა და ერთად მიაყენეს შეურაცხყოფა ბრალდებულს.
"განაწყენებული მერაბ კობიაშვილი ავტომანქანაში შენახული ცეცხლსასროლი პისტოლეტით შეიარაღდა და დაახლოებით 06:00 საათზე, გუდაურის ახალ დასახლებაში მდებარე შპს „რედკო“-ს კუთვნილ ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ,,GLOCK 17“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით მ.უ.-ს მეგობრების თამაზ გორთომაშვილისა და დ.ს-ს მისამართით განახორციელა გასროლები", - აღნიშნავდა პროკურატურა.
ამ საქმეზე პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
საქართველოს კანონმდებლობით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.