Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე კაცს ბრალდება წარუდგინეს


საქართველოს პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებული სისასტიკით ორსული ცოლის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კაცს ბრალდება წარუდგინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით, 22 დეკემბერს თბილისში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. როგორც პროკურატურა აცხადებს, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG