Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებმა ექიმებს აუკრძალეს მამაკაცების თანხლების გარეშე ქალებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა


თალიბებმა აუკრძალეს ღაზნის პროვინციის ექიმებს დაეხმარონ ქალებს, თუ თითოეული ვიზიტის დროს მათ თან ნათესავი მამაკაცები არ ახლავთ. ამის თაობაზე ადგილობრივი ავღანური გამოცემა Etilaatroz-ი ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე ქალებს საავადმყოფოებში სიარული შეეძლოთ ნათესავი ქალების თანხლებით. მაგრამ თალიბანის მიერ შექმნილი კომისია „არაკანონიერად და ამორალურად“ მიიჩნევს, თუ ქალები საავადმყოფოს მამაკაცების ნებართვის გარეშე მიმართავენ. დაჯგუფება თალიბანი ექიმებისგან მოითხოვს, ნათესავი კაცების თანხლების გარეშე, პაციენტი ქალები არ შეუშვან საავადმყოფოში და არ აღმოუჩინონ მათ დახმარება.

გამოცემის წყარო იტყობინება, რომ ეს აკრძალვა ავღანეთის სხვა პროვინციებზე ე.წ. ისლამური ორიენტაციისა და მოწოდების სამინისტროს გზით გავრცელდება.

აგვისტოში, ხელისუფლებაში ძალის გამოყენებით დაბრუნების შემდეგ, თალიბებმა ავღანეთი გამოაცხადეს „ისლამურ საამიროდ“, სადაც სამოქალაქო ხელისუფლება რელიგიური კონტროლის ქვეშ იმყოფება. სექტემბრის დასაწყისში თალიბებმა ჩამოაყალიბეს ახალი მთავრობის შემადგენლობა, რომელსაც არ ცნობენ აშშ და დასავლეთის ქვეყნები.

თალიბებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ განზრახული აქვთ დაიცვან ქალთა უფლებები, მაგრამ საბოლოოო ჯამში ძალიან შეზღუდეს ისინი. კერძოდ, თალიბებმა ქალებს აუკრძალეს სპორტულ ასპარეზობებში მონაწილეობა, მათ შორის ეროვნული ნაკრებების დონეზე, რასაც იმით ხსნიან, რომ სპორტსმენი ქალების სახე და სხეული ასეთ დროს ღიაა საჭვრეტად, რასაც „ისლამი და ისლამური საამიროს“ კანონები კრძალავს.

რაც შეეხება განათლებას, დაჯგუფება თალიბანმა ქალებს ნება დართო ისწავლონ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში კაცებისგან ცალკე, ამასთან მათ უნდა ატარონ სამოსი, რომელიც მთლიანად მალავს სახეს და სხეულს. თალიბანის დადგენილების თანახმად, ქალებს შეუძლიათ ასწავლონ მხოლოდ ქალებს ან ხანდაზმულ მამაკაცებს, რომლებმაც თითოეულ შემთხვევაში ნებართვა თალიბებისგან უნდა აიღონ.

ამას გარდა, თალიბანის ხელმძღვანელობამ დაამტკიცა ახალი წესები ქვეყანაში ტელემაუწყებლობის შესახებ, რომლის თანახმად, ქალი ჟურნალისტები და წამყვანი ქალები ეკრანზე თავდახურული უნდა გამოჩნდნენ. ქალებს ასევე აეკრძალათ სერიალებში გადაღება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG