Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარიას თქმით, პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს


სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელთან ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს.

სახალხო დამცველის შეფასებით, ახალი კანონპროექტი ადამიანის უფლებათა სტანდარტებს ეწინააღმდეგება. „მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა მას უნდა დაადოს ვეტო, თავისი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტია ძალიან ჩამოყალიბებულია იმ პოზიციაზე, რომ არ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას. სავარაუდოდ, ისინი გადალახავენ ვეტოს", - თქვა ლომჯარიამ.

ლომჯარიამ მეორე გზად დაასახელა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა. „არის მეორე გზაც, საკონსტიტუციო სასამართლოში მიღებული კანონის გასაჩივრების. თუმცა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება სრულად აკონტროლებს საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩვენი პრაქტიკა ცხადყოფს, რომ პოლიტიკურ საკითხებზე მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები", - თქვა მან.

ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს.

კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობს, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.

პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს კანონპროექტს "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე". ამ ცვლილებების პროექტის მიხედვით, უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი უწყება, რომელშიც გამიჯნული იქნება საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხი.

კანონპროექტში, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა, აღნიშნული იყო, რომ სამსახურის გაუქმების შემდეგ, 2022 წლის 1 მარტიდან უმუშევარი რჩებოდა ყველა თანამშრომელი და მათ ეკრძალებოდათ სასამართლოში დავა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა. იგივე პოზიცია აქვს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG