Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

GWP-ის წილი ესპანურ კომპანიაზე იყიდება


საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალგამანაწილებელი კომპანიის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წილები იყიდება. მყიდველი ესპანური კომპანია Aqualia არის. ინფორმაცია ლონდონის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უფრო ზუსტად, Georgia Capital-ი ყიდის სს "ჯორჯია გლობალ იუთილითიზის" 80 პროცენტიან წილს. თავის მხრივ, ეს კომპანია შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ​100-პროცენტიანი წილის მფლობელია. შესაბამისად, გამოდის, რომ ესპანური კომპანია Aqualia ავტომატურად გახდება GWP-ის 80 პროცენტის მფლობელი. მხარეებს შორის დადებული შეთანხმებით, შესაძლებელი იქნება დარჩენილი 20 პროცენტის გამოსყიდვაც.

წყალმომარაგების კომპანიის ღირებულება 225 მილიონ დოლარად შეფასდა, გასაყიდი წილი კი - 180 მილიონ დოლარად.

Aqualia-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ის ევროპაში მეოთხე უმსხვილესი კომპანიაა, მსოფლიოში კი - მეცხრე. ამჟამად კომპანია ემსახურება 30 მილიონ ადამიანს 17 ქვეყანაში. მათ შორის, ალჟირში, არაბთა საემიროებში, კოლუმბიაში, ჩილეში, ჩეხეთში, ეკვადორში, ეგვიპტეში, საფრანგეთში, იტალიაში, მექსიკაში, ომანში, პორტუგალიაში, ყატარში, რუმინეთში, საუდის არაბეთში, ესპანეთში და ტუნისში.

"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში 2020 წლის ივლისში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, კომპანიის 5 ან მეტი პროცენტის წილის შეცვლის შემთხვევაში, რითიც შეიძლება გაჩნდეს სხვა ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ კომპანიის კონტროლის შესაძლებლობა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წინასწარი თანხმობაა საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG