Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს


პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მყოფი ოპოზიციისგან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ მასთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს და მათ შორის იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები", - თქვა მშვენიერაძემ.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება, პარლამენტში კი ოპოზიციიდან 66 დეპუტატია. საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად აუცილებელი იქნება "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვას ბოიკოტის რეჟიმზე, რადგან სწორედ ამ ფრაქციას ჰყავს ყველაზე მეტი დეპუტატი ოპოზიციაში.

მშვენიერაძემ თქვა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება მის საქმეს დაუკავშირა. სწორედ ამ უწყებას ჰქონდა დაწყებული გამოძიება გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის დროს სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ამავე დღეს ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. ადვოკატები ამბობდნენ, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა, პენიტენციურმა სამსახურმა კი "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე" სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ, ციხის ტერიტორიაზე პატიმრების მხრიდან მისი მისამართით ისმოდა გინება და შეურაცხყოფა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციხეში ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა სააკაშვილის საკანშიც. ადვოკატების თქმით, ეს იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ.

რამდენიმე დღის შემდეგ, 20 ნოემბერს, სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახლა ისევ რუსთავის მე-18 დაწესებულებაშია. მმართველი პარტიის განცხადებით, მისი შიმშილობის შემდგომი მკურნალობის პროცესი ციხეში დაბრუნებამდე ორი კვირით ადრე დასრულდა და მისი ყოფნა გორის სამხედრო ჰოსპიტალში აღარ იყო საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG