Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ როგორ იმგზავრებს მეტროთი და ავტობუსით 1 თებერვლიდან 


1 თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი, სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება - მგზავრობის საფასური და გადახდის წესი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ინტენსივობით გამოიყენებს ადამიანი ტრანსპორტს ან რა პაკეტს იყიდის.

დღეს 90 წუთის განმავლობაში მეტროში, ავტობუსსა და "ლურჯ მიკროავტობუსებში" მგზავრობა ტრანსპორტის რამდენჯერმე შეცვლის შემთხვევაშიც კი 50 თეთრია. 1 თებერვლიდან იცვლება პირობები.

აქამდე არსებული ბარათებით - "მეტრომანით" ან საბანკო ბარათებით ("თიბისი ბანკი", "საქართველოს ბანკი") მგზავრობა ისევ შესაძლებელი იქნება, თუმცა მხოლოდ ისევ 90-წუთიანი პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში - სააბონემენტო სისტემაში ჩართვა ამ ბარათებით შეუძლებელია.

მას, ვისაც 1-დღიანი, 1-კვირიანი, 3-თვიანი, 6-თვიანი ან 1-წლიანი აბონემენტის ყიდვა მოუნდება, ჯერ მეტროს სალაროში ან "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალში ახალი ბარათი უნდა იყიდოს (ფასი 2 ლარია), შემდეგ კი თანხის ჩარიცხვით გააქტიუროს სასურველი პაკეტი.

ტარიფები

  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი ბარათი - 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
  • ულიმიტო 1-წლიანი ბარათი - 250 ლარი.

"რადგან შესაძლებელია 1-წლიანი აბონემენტის ყიდვა და მისი დაკარგვის რისკი არსებობს, როდესაც ბარათს შეიძენენ, შეინახონ ყიდვის დამადასტურებელი ქვითარი, რადგან თუ დაკარგავენ ან დაზიანდება ბარათი, ნაყიდი პაკეტი არ დაეკარგოთ. ამ ქვითრის გარეშე ეს შეუძლებელი იქნება", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სატრანსპორტო კომპანიაში.

პაკეტი მისი ყიდვის მომენტიდან აქტიურდება, ამიტომ, სატრანსპორტო კომპანიის რეკომენდაციაა, მგზავრებმა წინსწრებით არ შეიძინონ რომელიმე აბონემენტი, თუ მის გამოყენებას უახლოეს პერიოდში არ აპირებენ. 1 თებერვლამდე ნაყიდი აბონემენტები 1 თებერვლიდან ავტომატურად გააქტიურდება.

"ამ ბარათებზე ბალანსის ქონის შესაძლებლობა არ იქნება. აბონემენტის ყიდვა შესაძლებელი სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე მისი მიდებითა და თანხის ჩარიცხვით ან მეტროს სალაროში, ან "საქართველოს ბანკში"... თუ ადამიანს ექნება რომელიმე პაკეტი ნაყიდი, მას შეეძლება წინსწრებით (რამდენიმე დღით ადრე), სანამ ეს პაკეტი ამოეწურება, იყიდოს სასურველი აბონემენტი და უწყვეტად გააგრძელოს მგზავრობა", - ამბობენ კომპანიაში.

ახალი ბარათები, რომლითაც შესაძლებელია სააბონემენტო სისტემაში ჩართვა, 6 იანვრიდან "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებსა და მეტროს სალაროებში გაიყიდება.

იმ სოციალური ჯგუფებისთვის (პენსიონრები, სტუდენტები, მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და ა.შ.), რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, გადახდის წესი და საფასური არ იცვლება.

XS
SM
MD
LG