Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყაზახეთში სამშვიდობო ძალებს აგზავნის


ფოტო არქივიდან: კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედროები
ფოტო არქივიდან: კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედროები

ყაზახეთისგან სამხედრო დახმარების თხოვნის გამო, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში აგზავნის სამშვიდობო ძალებს. ამის შესახებ დღეს, 6 იანვარს რუსულ სააგენტო „ტასს“ უთხრა ორგანიზაციის პრესმდივანმა, ვლადიმირ ზაინეტდინოვმა.

მისი განცხადებით, ყაზახეთი შექმნილ ვითარებას განიხილავს „საზღვარგარეთ მომზადებული ბანდიტური ფორმირებების შეჭრად“ და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურებს სამხედრო დახმარების გასაწევად მიმართა. ზაინეტდინოვის თანახმად, ყაზახეთში ვითარების სტაბილიზაციის მიზნით, შეზღუდული დროით გაიგზავნება კოლექტიური სამშვიდობო ძალები. რამდენი სამხედრო და რა დროით, ორგანიზაციის პრესმდივანს არ უთქვამს.

5 იანვარს, ღამით, ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოყაევმა დასახმარებლად მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას. 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. მათ შორის მოქმედი ხელშეკრულება ითვალისწინებს კოლექტიურ საფუძველზე ერთმანეთის უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ორგანიზაციას, სადაც წამყვან როლს რუსეთი ასრულებს, სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალები ჰყავს.

ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო, საწვავად გამოყენებული გათხევადებული ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირების გამო. 4 იანვარს მთავრობა დათანხმდა ფასის შემცირებას, თუმცა, ამ დროისთვის საპროტესტო აქციების მონაწილეებს უკვე ჰქონდათ პოლიტიკური მოთხოვნები, მათ შორის მთავრობის გადადგომა. 4 იანვარს, გვიან ღამით ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა, 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა და მასობრივი არეულობების და დარბევის ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი.

როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იუწყება, ამ დროისთვის რთულია იმის გარკვევა, კონკრეტულად ვინ არიან შეიარაღებული პირები, რომლებიც ალმათიში მოქმედებენ. მისივე ცნობით, არ არსებობს მონაცემები, რომ ეს პირები არიან ბოლო დღეებში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეები.

ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG