Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის სამინისტრო: ხელოვნების მუზეუმში რეორგანიზაცია დასრულდა


კულტურის სამინისტრო, მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ხელოვნების მუზეუმიდან სამი კურატორის გათავისუფლების შესახებ, განცხადებას ავრცელებს იმის შესახებ, რომ მუზეუმში რეორგანიზაცია დასრულდა.

სამინისტროს განცხადების მიხედვით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეასა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში რეორგანიზაცია 2021 წლის 6 დეკემბერს დაიწყო და ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებით დასრულდა. ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ რეორგანიზაციის დაწყების წინ მათ ხელი მოაწერინეს იმაზე, რომ ინფორმირებულები იყვნენ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

"რეორგანიზაციის შედეგად, ნაცვლად მუზეუმის ფონდებში არსებული 9-საფეხურიანი თანამდებობრივი პირამიდისა (ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, უფროსი ასისტენტი, სპეციალისტი, ასისტენტ - კურატორი, კურატორი, უფროსი კურატორი, მთავარი კურატორი) დამტკიცდა მოქნილი და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული 4-საფეხურიანი საშტატო განრიგი - ასისტენტი, უფროსი ასისტენტი, კურატორის მოადგილე და კურატორი.

შტატში არსებული ტექნიკური პოზიციები (დურგალი, ელექტრიკოსი, ტექნიკური სპეციალისტი, მოლარე და სხვ.) გარდაიქმნა შტატგარეშე პოზიციებად, ხოლო საშტატო ნუსხაში დარჩა საფონდო, სარესტავრაციო, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, საგამოფენო და ადმინისტრაციული საქმიანობის განმახორციელებელი პოზიციები" - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

რეორგანიზაციის შედეგად, მუზეუმთა ჯგუფში 175-დან 146-მდე შემცირდა საშტატო პოზიციები. მათ, ვინც სამსახურიდან არ გაათავისუფლეს, რეორგანიზაციის შედეგად, ხელფასები გაეზრდებათ. ახალი საშტატო განრიგის მიხედვით:

  • ლაბორანტისა და უფროსი ლაბორანტის არსებული 500 და 520-ლარიანი პოზიციების ნაცვლად, შეიქმნა ასისტენტის 650-ლარიანი პოზიცია;
  • ასისტენტის არსებული 460-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა ასისტენტის 650-ლარიანი პოზიცია;
  • უფროსი ასისტენტის არსებული 580-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა უფროსი ასისტენტის 750-ლარიანი პოზიცია;
  • ასისტენტ - კურატორის არსებული 620-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა კურატორის მოადგილის 800-ლარიანი პოზიცია;
  • კურატორისა და უფროსი კურატორის 700 და 820-ლარიანი პოზიციების ნაცვლად, დამტკიცდა 850-ლარიანი კურატორის პოზიცია;
  • სარესტავრაციო განყოფილების რესტავრატორის არსებული 700-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა რესტავრატორის 800-ლარიანი პოზიცია;
  • სარესტავრაციო განყოფილების ასისტენტ-კონსერვატორის არსებული 620-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა ასისტენტ-კონსერვატორის 700-ლარიანი პოზიცია;
  • საგამოფენო განყოფილებაში ზედამხედველის არსებული 500-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა ზედამხედველის 550-ლარიანი პოზიცია;
  • საგამოფენო განყოფილებაში არსებული სივრცის კურატორის 550-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა სივრცის კურატორის 700-ლარიანი პოზიცია;
  • საგამოფენო განყოფილებაში არსებული სივრცის უფროსი კურატორის 700-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა სივრცის უფროსი კურატორის 800-ლარიანი პოზიცია;
  • საგამოფენო განყოფილებაში არსებული სივრცის მთავარი კურატორის 820-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა სივრცის მთავარი კურატორის 950-ლარიანი პოზიცია;
  • სამეცნიერო - საგანმანათლებლო განყოფილებაში არსებული მეცნიერ-თანამშრომლის 700-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა მეცნიერ-თანამშრომლის 800-ლარიანი პოზიცია.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე იმყოფება გასული წლის ზაფხულის შემდეგ, როცა მინისტრმა მუზეუმის "ევაკუაციის გეგმა" დაამტკიცა. გეგმა ითვალისწინებდა მუზეუმის ფონდებისა და თანამშრომლების ახალ, დროებით სივრცეში განთავსებას 2022 წლის თებერვლისთვის. გეგმა არ სრულდება და მუზეუმის თანამშრომლებიც და ფონდებიც ამ დრომდე ძველ, ისტორიულ, ავარიულ შენობაში რჩებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG