Accessibility links

site logo site logo

შვედეთმა რუსეთის ქმედების გამო კუნძულ გოტლანდის დაცვა გააძლიერა


სამხედრო პატრული კუნძულ გოტლანდზე

ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ გოტლანდზე, რომელიც შვედეთის ეკუთვნის, უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით ამ ზომების მიღება რეგიონში რუსეთის სამხედრო აქტიურობის ზრდამ გამოიწვია.

პარასკევიდან დაწყებული, კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ვიბსის, ქუჩებში პატრულირებენ ჯავშანტრანსპორტიორებით და ქვეითად მოძრავი სამხედროების გაძლიერებული განაწესები. სააგენტო ფრანს-პრესის ცნობით სულ ქალაქში გამოყვანილია 10 ჯავშანმანქანა და რამდენიმე ათეული ჯარისკაცი. ამას გარდა ქალაქში ელოდებიან დამატებითი ძალების შესვლასაც.


შვედეთის მთავრობამ ამ ზომებს მიმართა მას შემდეგ, რაც სკანდინავიის სრუტის გავლით ბალტიის ზღვაში შევიდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სამი დიდი სადესანტო გემი. ეს ხდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული სამხედრო სამზადისისა და მოსკოვის მიერ ულტიმატუმის სახით მოთხოვნილი „უსაფრთხოების გარანტიების“ გამო ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე.


შვედეთი არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მჭიდროდ თანამშრომლობს რიგ სფეროებში. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წლიდან დაწყებული, ქვეყანაში კვლავ შემოიღეს სამხედრო გაწვევა, ხოლო კუნძულ გოტლანდზე კვლავ დაბრუნდა სამხედრო გარნიზონი. რუსეთის კალინინგრადის ოლქიდან გოტლანდი დაახლოებით 200 კილომეტრით არის დაშორებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG