Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დაზვერვის ცნობით, დონბასში გასაგზავნად რუსეთი აქტიურად აწარმოებს „დაქირავებულთა შეკრებას“


ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლები
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლები

უკრაინის სამხედრო დაზვერვა ამტკიცებს, რომ რუსეთი ბოლო კვირის მანძილზე აქტიურად აძლიერებს დონბასის რეგიონში მოქმედ უკანონო პრორუსულ შეიარაღებულ ძალებს.

7 იანვრიდან დაწყებული, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დონბასელმა სეპარატისტებმა შეიარაღებაში მიიღეს ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა. ასევე 7 000 ტონა საწვავი.

უკრაინის სამხედრო დაზვერვისვე ცნობით, რუსეთში შექმნილ გადაბირების ცენტრებში ხორციელდება „დაქირავებული მებრძოლების აქტიური შეკრება“, რომლებიც ინტენსიური მომზადების შემდეგ დონეცკსა და ლუგანსკში იგზავნებიან.

თავის მხრივ, დონბასელი და ლუგანსკელი სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ კიევმა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში გადაისროლა 8 ერთეული „სმერჩისა“ და „ურაგანის“ ტიპის რეაქტიული სისტემები, რასაც სეპარატისტები „აქტიური საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებისათვის“ სამზადისად მიიჩნევენ.

ამ ცნობების ფონია დაძაბულობის უპრეცედენტო ესკალაცია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. მრავალრიცხოვანი წყაროები იუწყებიან რეგიონში რუსეთის ჯარების მნიშვნელოვანი დაჯგუფებების კონცენტრაციაზე. დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები შიშობენ, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. კრემლი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებასა და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG