„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, სადაც დევნილთა განსახლების კუთხით არსებულ პრობლემებზეა ლაპარაკი. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 92,079 ოჯახი, ჯამში კი 286,442 იძულებით გადაადგილებული პირი. აქედან სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით 50,000-მდე დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მაჩვენებელმა იმატა, ათიათასობით ოჯახი საცხოვრებელ ფართს დღემდე ელოდება და მათი ნაწილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში ცხოვრობს. მთავრობისთვის მათი განსახლება და ამ მიმართულებაზე ბიუჯეტიდან მეტი თანხის გამოყოფა პრიორიტეტი უნდა იყოს“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2013-2021 წლებში დევნილების განსახლებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე სულ 693 მლნ ლარი დაიხარჯა, თუმცა ასობით ოჯახი ისევ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში ცხოვრობს.
არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნით, დევნილთა ნაწილის დღემდე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ შენობებში დარჩენა, წლების განმავლობაში განსახლების პროცესის არასათანადოდ მართვაზე მიანიშნებს.