Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროში პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის გასაპროტესტებლად აქტივისტები შს სამინისტროსკენ მიემართებიან


„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გააპროტესტეს მეტროში პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტი.

„ჩვენ თუ არ ვიქნებით ყველაზე მტკიცეები და შეუპოვრები, ეს ტრაგედიები გაგრძელდება, - განაცხადა აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა და დაამატა, - როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის პირს ასე უსწორდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ, ეს წამება არ არის?!“ მისი აზრით, ყველა ადამიანი, რომელიც მხარს არ უჭერს თუნდაც ამ პოლიციელის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას წამების მუხლით, არის დანაშაულის თანამონაწილე.

„მწამებელი სისტემა!“ – ამ ტრანსპარანტით აქტივისტები „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ მიემართებიან.

24 იანვარს „TV პირველმა" გაავრცელა თბილისში, მეტროში პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ამსახველი კადრები. შემთხვევას ჰყავს თვითმხილველი, რომელმაც ძალადობის ფაქტი გადაიღო.

კადრებში ისმის ისიც, რომ პოლიციას ეუბნებიან, რომ მოქალაქე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

„ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!" - ამბობს პოლიციელი და მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდება.

ძალადობის კადრებში ჩანს, რომ იქვე დგას პოლიციის სხვა თანამშრომელი, თუმცა გავრცელებულ ფრაგმენტში ის კოლეგას არ აჩერებს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 23 იანვარს მოხდა, პოლიციელი კი, რომელიც მოქალაქეზე ძალადობს, ამ ეტაპზე ისევ ირიცხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად.

ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია უცნობია. საქმეზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე... საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - ვკითხულობთ ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ძალადობა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG