Accessibility links

site logo site logo

შშმ მოზარდზე პოლიციელის ძალადობის გასაპროტესტებლად შსს-სთან აქცია იმართება


მეტროსადგურ ისანში შშმ მოზარდზე პოლიციელის მხრიდან ძალადობის გასაპროტესტებლად მოქალაქეები თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ.ისინი მიიჩნევენ, რომ პრობლემა სისტემური ხასიათისაა.

"რა ხდება მაშინ, როცა კარი დახურულია?" "არა მილიციას!" - ეს წარწერები მიიტანეს აქტივისტებმა შსს-სთან.

"ორი პოლიციელის დაკავებით პრობლემა არსად არ წავა იმიტომ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა. გვაქვს ამის ფაქტები. ეს არის "ქართული ოცნების" მმართველობის გამოძახილი, რომელსაც აქვს არასწორი დამოკიდებულება, დამნაშავეობრივი დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ. ეს კადრები რომ არ გამოსულიყო, დარწმუნებული ვარ, ეს პოლიციელები არ დაისჯებოდნენ", - უთხრა მედიას პარტია "დროას" ერთ-ერთმა წევრმა თამთა გოგოლაძემ.

პოლიციელის მიერ შშმ არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა გუშინ, 24 იანვარს გავრცელდა. ვიდეოკადრებში ჩანდა, როგორ სცემდა მეტროში პოლიციელი ბიჭს. მას უხსნიდნენ, რომ არასრულწლოვანს საუბარი არ შეეძლო.

"ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!" - ასე პასუხობდა პოლიციელი.

დღეს, 25 იანვარს გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოძიების საფუძველზე დააკავეს პოლიციელი, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვანის, შშმ მოზარდის ცემა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ასევე დაკავებულია პოლიციელი, რომელიც ფაქტს შეესწრო და ამის შესახებ არ აცნობა საგამოძიებო უწყებებს.

ინსპექტორის სამსახურის თანახმად, პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის (ძალადობის) ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 144 მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა","ბ" და "ზ" ქვეპუნქტებით დააკავეს, მისი კოლეგა კ.ბ. კი, რომელმაც დანაშაული არ შეატყობინა სამართალდამცავებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით - 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

  • დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პოლიციელს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • მისი კოლეგა, წაყენებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG